Thumbnail

NASA მთვარეზე კომპაქტურ აპარატს გააგზავნის

  • NASA დედამიწის თანამგზავრზე ყველაზე პატარა მთვარემავალს გააგზავნის
  • აპარატის წონა მხოლოდ 1,8 კილოგრამი იქნება

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) კომპანია Astrobotic-თან 79,5 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა. Astrobotic-მა, რომელიც კერძო კომპანიაა და კოსმოსურ ტექნიკას 2008 წლიდან უშვებს, NASA-სთვის  მთვარემავალი უნდა დაამზადოს. ეს იქნება ყველაზე კომპაქტური აპარატი, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე დაჯდება.

აპარატის წონა მხოლოდ 1,8 კილოგრამი იქნება. კომპაქტურობის გამო აპარატის მთვარეზე გაშვება საკმაოდ იაფი დაჯდება. თუმცა ოთხბორბლიან მინიატურულ მთვარემავალს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები დაეკისრება. მან უნდა შეისწავლოს მთვარის ტერიტორია სხვა აპარატების დაშვებამდე და დედამიწაზე ფოტოები გადმოაგზავნოს.

მთვარემავალს ჯერჯერობით სახელწოდება არ აქვს, თუმცა NASA-ს გუნდს სახელი შესარჩევად ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს. აპარატის მთვარეზე გაგზავნა 2021 წელს იგეგმება. უკვე შერჩეულია ადგილი, სადაც მთვარემავალი უნდა დაჯდეს. აპარატი დედამიწის თანამგზავრის ჩრდილო-აღმოსავლეთით,  Lacus Mortis-ად ( სიკვდილის ტბა ) ცნობილ ტერიტორიაზე დაეშვება.

კომენტარები

ბოლო ამბები