Thumbnail

ლონდონის ცათამბჯენზე 360 გრადუსიანი გამჭირვალე აუზი გაიხსნება

  • აუზში მოცურავეები სპეციალური პლატფორმის საშუალებით მოხვდებიან
  • აუზის მშენებლობა 2020 წელს უნდა დაიწყოს

ბრიტანული კომპანია Compass Pools ლონდონის ცენტრში, 55 სართულიანი ცათამბჯენის თავზე 360 გრადუსიან აუზს ააგებს. აუზის ოთხივე კედელი და ძირი გამჭირვალე იქნება. აუზის კედლებს აკრილის საფუძველზე დამზადებული მასალისგან ააგებენ. 220 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენის თავზე განლაგებული აუზის გამჭირვალე კედლებიდან ლონდონის ცენტრალური ნაწილის შესანიშნავი ხედები გადაიშლება. აუზის კონსტრუქცია  შთაბეჭდილებას ქმნის, რომ მას კიდე არ გააჩნია.

Compass Pools-ის დირექტორი ალექს ქემსლი აღნიშნავს, რომ დაპროექტების დროს ყველაზე რთული აუზში მოცურავეებისათვის შესასვლელის მოწყობა იყო. პროექტის ავტორები ფიქრობდნენ, რომ ჩვეულებრივი კიბე ამ შემთხვევაში არ გამოდგებოდა, რადგან ის ქვემოდან აუზის ხედს გააფუჭებდა. საბოლოოდ Compass Pools-ის გუნდმა ოპტიმალური გადაწყვეტილება გამონახა. არქიტექტორებმა უნიკალური პლატფორმის, ერთგვარი წყალქვეშა ლიფტის დიზანი შექმნეს. მსურველები აუზში მოხვედრას სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით შეძლებენ.

კიდევ ერთი ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც Compass Pools-ის მიერ დაპროექტებულ აუზს გამოარჩევს, ტალღების და ქარის მონიტორნიგის სისტემაა. აუზში წყლის ტემპერატურა ყოველთვის ოპტიმალურ ნიშნულზე იქნება შენარჩუნებული. “ჭკვიანი სისტემა” ასევე გაითვალისწინებს ქარის სიძლიერეს და მიმართულებას, რაც აუზიდან წყლის შხეფების გადმოსვლას გამორიცხავს.

Engadget აღნიშნავს, რომ პროექტს ერთი დიდი მინუსი გააჩნია. Compass Pools-ის გუნდი ლონდონის ამინდს ვერაფერს მოუხერხებს. ბრიტანეთის დედაქალაქში  წელიწადში 100-ზე მეტი წვიმიანი დღეა. ასე, რომ "უკიდეგანო" აუზი მთელი წლის განმავლობაში სრული დატვირთვით ვერ იმუშავებს.


 

კომენტარები

ბოლო ამბები