Thumbnail

რუსი რობოტი კოსმოსურ ხომალდში შესვლის დროს გაიჭედა

  • კოსმონავტმა რობოტმა ზომის გამო ხომალდში შესვლა ვერ შეძლო
  • ინჟინრებს რობოტის ზომის შემცირება მოუწევთ

რუსეთში აწყობილი რობოტი FEDOR ექსპერიმენტის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა გააგზავნონ. რობოტის გაშვება 2019 წლის აგვისტოში ხომალდ “სოიუზ” 14-ით იგეგმება. მანამდე კი რობოტის გამოცდა მიმდინარეობს, რომლის დროსაც გაირკვა, რომ FEDOR კოსმოსური ხომალდის ლუკში შესვლას ვერ ახერხებს. რუსი ინჟინრები აცხადებენ, რომ შესასვლელი ვიწროა და რობოტმა რამდენიმე ცდის მიუხედავად ხომალდში შესვლა ვერ შეძლო.

FEDOR-ის ( Final Experimental Demonstration Object Research ) თავდაპირველი ფუნქცია სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა იყო. თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ მას კოსმოსური მისიების დროს გამოიყენენდნენ. რუსეთში არ გამორიცხავენ, რომ რობოტი 2028 წელს დედამიწის თანამგზავრზეც კი გაუშვან, როგორც  მთვარემავალ “ლუნა 29-ის” პილოტი. თუმცა მანამდე რუს ინჟინრებს იმისათვის, რომ FEDOR “სოიუზის” კოსმოსურ ხომალდში მოხვდეს მისი დაპატარავება მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს რუსეთში გამართულ რობოტიკის ახალგაზრდულ ფორუმზე რუსულმა სამთავრობო არხმა  Россия 24-მა კიდევ ერთი რუსული წარმოების რობოტის-ბორისის სცენაზე  გამოჩენა პომპეზურად გააშუქა. თუმცა სკეპტიკოსებს რობოტის ნახვის დროს არაერთი შეკითხვა გაუჩნდათ. მაგალითად, თუ სად არის მისი გარე სენსორები. საბოლოოდ გაირკვა, რომ ბორისი სინამდვილეში რობოტის კოსტუმში გადაცმული ადამიანი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები