Thumbnail
  • კომპანიაში აცხადებენ, რომ Skai ყველაზე იაფი ავიატრანსპორტი გახდება
  • მფრინავი ტაქსის კომერციული სერვისის ამოქმედება 2021 წელს იგეგმება

2019 წლის მაისში კომპანია Alaka’i-მ უნიკალური საფრენი აპარატი წარმოადგინა. Skai პირველი მფრინავი ტაქსია, რომელიც წყალბადის ელემენტებზე მუშაობს. Alaka’i-ს ტექნიკურმა დირექტორმა ბრაიან მორისონმა New Atlas-სთან ინტერვიუში კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ 2020 წელს ავიაციის ფედერალური სამმართველოსგან ფრენების შესრულების ნებართვას მიიღებენ. თუ ეს მოხერხდა Skai უკან ჩამოიტოვებს კონკურენტებს, რომლებიც მფრინავი ტაქსის ელექტრო ვერსიებზე მუშაობენ.

თავდაპირველად Skai-სთვის ლითიური აკუმულატორების გამოყენება იგეგმებოდა. თუმცა საბოლოოდ საფრენი აპარატის საწვავად წყალბადის ელემენტები რამდენიმე ფაქტორის გამო შეარჩიეს. წყალბადის სავსე ავზით აპარატს ჰაერში ოთხი საათის განმავლობაში შეუძლია იყოს. ავზის ხელახლა შესავსებად კი მხოლოდ 10 წუთია საჭირო. Skai-ს ფრენის მაქსიმალური დისტანცია 650 კილომეტრია. საფრენ აპარატს 5 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

Alaka’i არ აპირებს საფრენი აპარატების გაყიდვას და თავად სურს კომერციული სერვისის დანერგვა. კომპანიის ტექნიკური დირექტორი აცხადებს, რომ Skai-ს მფრინავი ტაქსით მგზავრობის ღირებულება დაახლოებით ათჯერ იაფი იქნება, ვიდრე ვერტმფრენით. კომპანიას სურს კონკურენცია სახმელეთო ტრანსპორტსაც გაუწიოს. მორისონი მიიჩნევს, რომ Skai-თ მგზავრობის ღირებულება  Uber-ზე იაფიც კი შეიძლება იყოს. სისწრაფის მხრივ კი საჰაერო ტრანსპორტს სახმელეთოსთან შედარებით დიდი უპირატესობა ექნება.

მფრინავი ტაქსისთვის აეროპორტი ან ვერმფრენის ასაფრენი მოედანი საჭირო არ არის. Skai-ს მარტივად შეუძლია აფრინდეს ეზოდან, პარკირების ადგილიდან ან სპორტული მოედნიდან. უახლოეს მომავალში კომპანია აპირებს უარი თქვას პილოტირებულ ვერსიაზე და საფრენი აპარატი დისტანციურად მართოს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები