Thumbnail

Toyota-მ რამდენიმე ელექტრომობილი დააანონსა

  • 2025 წელს ელექტრომობილების წილი Toyota-ს წარმოებაში 50 პროცენტამდე გაიზრდება
  • პირველი ელექტრომობილის გამოშვებას კომპანია 2020 წელს გეგმავს

Toyota Motor Corporation მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიაა. კონკურენტებისგან განსხვავებით Toyota ელექტრომობილების წარმოების დაწყებას ამ დრომდე არ ჩქარობდა. იაპონური ავტოგიგანტი უკვე წლებია ჰიბრიდული ავტომობილების გამოშვებაზე იყო ფოკუსირებული. თუმცა უახლოეს 5 წელიწადში კომპანია დიდ ცვლილებებს გეგმავს. Toyota-ს ვიცე-პრეზიდენტის შიგეკი ტერაშის განცხადებით, 2025 წელს ელექტრომობილების წილი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაში 50 პროცენტამდე გაიზრდება.

პრეზენტაციის დროს Toyota-ს ვიცე-პრეზიდენტმა რამდენიმე ელექტრომობილის კონცეპტი წარმოადგინა. მათ შორისაა სედანები და ქალაქის მინიატურული ელექტრომობილები. თუმცა მოდელების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ელექტრომობილების გაყიდვას 2020 წლიდან დაიწყებს.

Toyota-მ ხელშეკრულება გააფორმა აკუმულატორების მწარმოებელ ჩინურ კომპანიებთან: Amperex-თან და BYD-თან. იაპონური კონცერნისთვის ჩინეთის ბაზარი ელექტრომობილების რეალიზაციის მხრივ ყველაზე პრიორიტეტულია. როგორც ცნობილია, ოფიციალური პეკინი ქვეყანაში შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების გამოყენებას სულ უფრო მეტად ზღუდავს და სხვადასხვა შეღავათებით ახალისებს ელექტრომობილების მფლობელებს და მწარმოებლებს.

დაჩქარებული ელექტრიფიკაციის პარალელურად Toyota კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას. კომპანია მუშაობს კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც წყალბადის ელემენტებზე მომუშავე ავტომობილის შექმნას გულისხმობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები