Thumbnail

Huawei: ჩინეთის მთავრობისგან არანაირი დავალება არ მიგვიღია

  • Huawei ჩინეთის მთავრობისგან შპიონაჟთან და თვალთვალთან დაკავშირებული დავალებების მიღებას უარყოფს
  • “ჩვენ გაშიშვლებულები ვართ მსოფლიოს წინაშე”

Huawei-სა და აშშ-ის მთავრობის დაპირისპირების ფონზე, გუშინ Huawei-ს კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა, ჯონ საფოლკმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ტექნოლოგიებისა და მეცნიერების კომიტეტზე პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა. განხილვის მთავარი თემა Huawei-ს საკომუნიკაციო სერვისების სანდოობა და კომპანიის ჩინეთის მთავრობასთან კავშირი იყო.

ჯონ სალფოკის თქმით, Huawei-ს პროდუქტების გამოკვლევა და მათში პროგრამული ხარვეზების აღმოჩენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

“ჩვენ გაშიშვლებულები ვართ მსოფლიოს წინაშე. არ გვრცხვენია იმის, რომ ადამიანებმა ჩვენს პროდუქტებში ხარვეზები აღმოაჩინონ. ამ გზით ჩვენი ტექნოლოგიების გაუმჯობესებას ვახერხებთ.” -  ჯონ საფოლკი

გასულ თვეებში აშშ-ის მთავრობამ ქვეყნებს მოუწოდა, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია Huawei 5G ქსელებიდან დაბლოკონ, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ჩინეთის მთავრობა კომპანიას სათვალთვალოდ და შპიონაჟისთვის გამოიყენებს. სწორედ ეს ბრალდება არის აშშ-სა და Huawei-ს შორის დაპირისპირების ძირითადი მიზეზიც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Huawei-ს კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში შემდეგი განცხადება გააკეთა: “არც ჩინეთის, და არც სხვა რომელიმე ქვეყნის მთავრობისგან არასდროს მიგვიღია ისეთი თხოვნა, რომელიც ჩვენი პროდუქტების უსაფრთხოების დაცულობას საფრთხეს შეუქმნიდა.”

პარლამენტის წევრებს ასევე ჰქონდათ შეკითვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეძლებდა Huawei თავისი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებით გაერთიანებული სამეფოს 5G ქსელით გადაცემულ ინფორმაციაზე წვდომის მიღებას და ინდივიდების ონლაინ აქტივობების გაკონტროლებას, რაზეც მათ ჯონ საფოლკმა უპასუხა, რომ Huawei სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების პროვაიდერია და არა მობილური ოპერატორი, რომელიც ქსელს მართავს, შესაბამისად, კომპანიას მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს.

Huawei-სა და აშშ-ის კონფლიქტის შესახებ მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები