Thumbnail

ქარხანა, რომელიც რაკეტებს 3D ტექნოლოგიით დაამზადებს, წელს გაიხსნება

  • ქარხანა, რომელიც რაკეტებს 3D ტექნოლოგიით დაამზადებს, მისისიპის შტატში გაიხსნება
  • ქარხნის ტერიტორია რაკეტების მწარმოებელმა კომპანიამ იჯარით NASA-სგან აიღო

Relativity Space კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სულ სამი წელია არსებობს. სტარტაპის მიერ რაკეტების დამზადების უჩვეულო მეთოდმა, როგორც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების, ასევე NASA-ს დაინტერესება გამოიწვია. Relativity Space კოსმოსურ რაკეტა-მატარებელს 3D პრინტერით ამზადებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით რაკეტების დამზადება ბევრად სწრაფად ხდება.

რაკეტების ასაწყობად Relativity Space გიგანტური ზომის 3D პრინტერ Stargate-ს იყენებს. წარმოების დასაწყებად კომპანიას დიდი სივრცე სჭირდება, რომელიც მას აქამდე არ ჰქონდა. NASA-მ სტარტაპს იჯარით მისისიპის შტატში განლაგებული ქარხნის ტერიტორია გადასცა. შენობა, რომლის ფართობიც 20 ათასი კვადრატული მეტრია, 30 წელია აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოს ეკუთვნის, მაგრამ NASA  მას პრაქტიკულად არ იყენებდა.

Relativity Space-ში იმედი აქვთ, რომ რაკეტების წარმოებას რამდენიმე თვეში დაიწყებენ. პირველ ეტაპზე რაკეტა-მატარებელ Terran 1-ის აწყობა იგეგმება. ქარხანაში მისისიპის შტატის 200-მდე მცხოვრებს დაასაქმებენ.

დიდი სივრცე საშუალებას მოგვცემს წელიწადში 12-დან 24-მდე რაკეტა Terran 1 დავამზადოთ. ვფიქრობ, რომ გარკვეული დროის შემდეგ წარმოება დაიხვეწება და კიდევ უფრო პროდუქტიული გახდება- ტობი დუშლი, Relativity Space-ის ვიცე-პრეზიდენტი.

3D ტექნოლოგიის გამოყენებით სტარტაპს სურს რაკეტის დეტალების რაოდენობა 100 ათასიდან ათასამდე შეამციროს. ამ მიდგომით რაკეტის წარმოების და კოსმოსში გაშვების ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. ყველა კომპონენტის დაბეჭდვის შემდეგ Relativity Space რაკეტას ქარხნიდან სამი კილომეტრის მანძილზე განლაგებულ პოლიგონზე გამოცდის. შემდეგ რაკეტებს ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე სასტარტო კომპლექსს LC 16-ზე გადაიტანენ. Terran 1-ს კოსმოსში პირველად 2020 წელს გაუშვებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები