Thumbnail

Libra - ახალი კრიპტოვალუტა Facebook-ისგან

  • Facebook-ის ფინანსურ სექტორში შესვლა მსოფლიო საბანკო სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს
  • ციფრული ვალუტით ტრანზაქციების შესრულებას სოციალური ქსელის მილიარდობით მომხმარებელი შეძლებს

Facebook-მა საკუთარი კრიპტოვალუტა, Libra წარადგინა, რომელიც პლატფორმის მილიარდობით მომხმარებელს ფინანსური ტრანზაქციების ონლაინ განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის თქმით, Libra ახალი საერთაშორისო ვალუტაა, რომლით სარგებლობაც ნებისმიერ ადამიანს საბანკო ანგარიშის გარეშეც შეუძლია. ცუკერბერგის თანახმად, Libra-ს მისია მარტივი გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნაა. ციფრული ვალუტა ბლოკჩეინ ტექნოლოგიით შეიქმნა და მისი გამოშვება 2020 წელს იგეგმება. Facebook-ის ფინანსურ სექტორში გამოჩენამ შესაძლოა მსოფლიოს საბანკო სისტემაში რევოლუცია მოახდინოს.

მომხმარებლები ტრანზაქციების განხორციელებას როგორც Messenger-სა და WhatsApp-ში, ასევე Libra-ს ცალკეულ აპლიკაციაშიც შეძლებენ. აპლიკაციის საშუალებით სხვა მომხმარებლებთან თანხის გადარიცხვა და ამა თუ იმ პროდუქტისა თუ სერვისის საფასურის გადახდა ადგილობრივი ვალუტის ნაცვლად ციფრული ვალუტით იქნება შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კრიპტოვალუტა Facebook-მა შექმნა, მის ოპერირებაში 27 ორგანიზაცია, მათ შორის Mastercard, Paypal და eBay ჩაერთვება. კომპანიები ლიბრას ასოციაციის სახელით არიან გაერთიანებულები. 

თუკი გავითვალისწინებთ, რომ Facebook-ს ყოველთვიურად 2.4 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, კომპანიის ამ ნაბიჯს შესაძლოა მართლაც მოჰყვეს საბანკო სექტორში რევოლუცია, თუმცა საკითხავია, მომხმარებლების რა რაოდენობა მიანდობს საკუთარ ფინანსებს კომპანიას, რომელიც პირადი მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უახლოეს წარსულში არაერთ სკანდალში გაეხვა.

კომენტარები

ბოლო ამბები