Thumbnail

ლე-ბურჟეში ყველაზე დიდი ელექტრო თვითმფრინავის პრეზენტაცია შედგა

  • ყველაზე დიდი ელექტრო თვითმფრინავი ისრაელში დაფუძნებულმა კომპანიამ დაამზადა
  • თვითმფრინავი საცდელ ფრენებს 2019 წელს შეასრულებს

ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნის ავიამწარმოებლები ლე-ბურჟეში ახალ საფრენ აპარატებს და ტექნოლოგიებს წარადგენენ. 2019 წელს პრესტიჟული ავიაშოუ 17-დან 23 ივნისამდე გაიმართება. წლევანდელ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება ელექტრო თვითმფრინავებს ექცევა. მათ შორის ყველაზე საინტერესო მოდელი კომპანია Eviation-ის თვითმფრინავი Alice-ია.

Alice ამ დროისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრო თვითმფრინავია. მისი ოფიციალური პრეზენტაცია მწარმოებელმა სწორედ ლე-ბურჟეს ავიაშოუზე გადაწყვიტა. თვითმფრინავის სიგრძე 12,2 მეტრს შეადგენს, ფრთები სიგრძე 16 მეტრია, მასა კი 3 800 კილოგრამი. აღსანიშნავია, რომ მასის 60 პროცენტი აკუმულატორებზე მოდის. საფრენ აპარატს 440 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

Eviation ისრაელში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ავსტრალიურ კომპანია MagniX-თან და გერმანულ Siemens-თან თანამშრომლობს. მწარმოებელის გათვლით, ელექტრო თვითმფრინავი მგზავრობის ხარჯებს სტანდარტულ თვითმფრინავებთან შედარებით ხუთჯერ შეამცირებს. Alice-ს ძირითადად მოკლე დისტანციაზე, 1000 კილომეტრის მანძილზე ფრენების დროს გამოიყენებენ.

ლე-ბურჟეს ავიაშოუს დასრულების შემდეგ ელექტრო თვითმფრინავს არიზონაში გადაიყვანენ, სადაც საცდელი ფრენები შესრულდება. ვარაუდობენ, რომ საფრენი აპარატი სერთიფიკაციას შეერთებულ შტატებში 2021 წელს გაივლის, კომერციული რეისების შესრულებას კი 2022 წლიდან დაიწყებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები