Thumbnail

2050 წლისთვის ევროკავშირში მზის და ქარის ენერგიის წილი 92%-მდე გაიზრდება

  • განახლებადი ენერგიის წილი 2050 წელს მსოფლიოში 7-დან 48 პროცენტამდე გაიზრდება
  • ყველაზე სწრაფად განახლებად ენერგიაზე გადასვლა ევროკავშირში მოხდება

ანალიტიკურმა კომპანია Bloomberg NEF-მა წარმოადგინა ანგარიში, რომელიც მსოფლიოში განახლებადი ენერგიის განვითარებას ეხება. ამ კვლევის მიხედვით 2050 წლისთვის მსოფლიო ენერგეტიკაში მზის და ქარის ენერგიის წილი 48 %-მდე გაიზრდება. დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7 %-ს შეადგენს. ნავთობის გამოყენება ამ სექტორში მინიმუმამდე დავა, ბუნებრივი აირი, ატომური და ჰიდროენერგეტიკა კი მეტნაკლებად შეინარჩუნებენ დღევანდელ მაჩვენებელს.

ყველაზე სწრაფად განახლებად ენერგიაზე გადასვლა ევროპაში მოხდება. 2050 წელს ევროკავშირში გამომუშავებული ენერგიის 92 %-ს განახლებადი ენერგიის წყაროები შეადგენენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩინეთში ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი იქნება. კვლევის მიხედვით 2050 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 62%-ით გაიზრდება. განახლებადი ენერგიის წყაროების გამომუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის 13,3 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია გახდება საჭირო, აქედან მზის ენერგიაზე მოდის 4,2 , ქარის ენერგიაზე კი 5,3 ტრილიონი დოლარი. ენერგიის შესანახი სისტემის შექმნას  840 მილიონი დოლარი დასჭირდება.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ განახლებადი ენერგიის წილის მკვეთრად გაზრდის მიუხედავად გლობალური დათბობის პროცესის შეჩერების პერსპექტივა ბუნდოვანია. კვლევის მიხედვით, ქვეყნებს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მოუწევთ, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატების პროცესი ნაწილობრივ მაინც შეაჩერონ.

კომენტარები

ბოლო ამბები