Thumbnail

Grove Obsidian - წყალბადზე მომუშავე ჩინური ავტომობილი

  • ჩინეთში წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილი პირველად დაამზადეს
  • Grove Obsidian-ს სერიული წარმოება 2020 წელს დაიწყება

წყალბადის ელემენტებზე მომუშავე ავტომობილების პროექტზე რამდენიმე ავტომწარმოებელი მუშაობს, მათ შორის იაპონური Honda და სამხრეთ კორეული Hyundai. ჩინეთში აქამდე წყალბადზე მომუშავე ავტომობილების აწყობას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ჩინურმა კომპანიამ, რომელიც მხოლოდ სამი წლის წინ დაფუძნდა ესეც მოახერხა.

კომპანია Grove 2016 წელს დაარსდა და სახელი ინგლისელი ფიზიკოსის უილიამ გრუვის საპატივცემულოდ მიიღო. თავად ავტომობილის სახელწოდებაა Grove Obsidian. მწარმოებელი დარწმუნებულია, რომ წყალბადზე მომუშავე ავტომობილს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე თავისი პირველი მოდელის ზუსტ ტექნიკურ მახასიათებლებს არ ამჟღავნებს. თუმცა ცნობილია, რომ ამ ავტომობილს უფრო დიდი მანძილის გავლა შეუძლია, ვიდრე დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილს.

ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტში ელექტრომობილი 750 კილომეტრს გადის, Grove Obsidian-ს კი 1000 კილომეტრის გავლა შეუძლია. წყალბადის ავზის შესავსებად მხოლოდ 3 წუთია საჭირო. გარდა იმისა, რომ წყალბადზე მომუშავე ავტომობილი ეკოლოგიურად სუფთაა, მას განსაკუთრებული უსაფრთხოების ნორმები გააჩნია. ავარიის დროს დაზიანების შემთხვევაში ავზიდან წყალბადი შეკუმშული, თხევადი სახით გამოედინება და საფრთხეს არ წარმოადგენს.

ავტომობილის დიზაინი იმავე დიზაინერის შექმნილია, რომელიც Fiat-ის და Alfa Romeo-ს დიზაინს ქმნის, ამიტომ Grove Obsidian-ს გარეგნულად იტალიურ ავტომობილებს ამსგავსებენ. წყალბადზე მომუშავე პირველი ჩინური ავტომობილის სერიული წარმოება 2020 წელს დაიწყება. შემდეგ წელს ჩინური კომპანია 5 ათასი ავტომობილის აწყობას გეგმავს, 2030 წლისთვის კი ყოველწლიურად მილიონამდე ავტომობილს გამოუშვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები