Thumbnail

აპოლოს პროგრამა (Apollo program) მისიის დასაწყისი

"მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავისახოთ ამოცანა და ამ ათწლეულში შევასრულოთ: ეს არის ადამიანის მთვარეზე დაშვება და უკან დაბრუნება. არც ერთი სხვა პროექტი არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი კაცობრიობისთვის, როგორც ეს პროექტი" -  ჯონ კენედი, 1961 წლის 25 მაისი 

შეჯიბრი კოსმოსში: სსრკ - აშშ

1961 წლის 12 აპრილს პირველი საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის წარმატებულმა ფრენამ კოსმოსში შეერთებულ შტატებში გააძლიერა შეშფოთება ქვეყნის ტექნიკური განვითარების პროგრესზე კოსმოსის ათვისების საკითში, საბჭოთა კავშირთან შედარებით. როგორც ცნობილია, გაგარინის წარმატებული ფრენიდან მეორე დღესვე, თეთრ სახლში დაინიშნა საგანგებო შეხვედრა შტატების მეცნიერებისა და ასტრონავტიკის კომიტეტთან. ამ შეხვედრის დროს კონგრესის ბევრმა წარმომადგენელმა გამოთქვა ინიციატივა და სურვილი, მხარი დაეჭირათ ისეთი პროექტის განხორციელებისათვის, რომელიც წინ წამოწევდა ქვეყნის იმიჯს კოსმოსის ათვისების სფეროში. პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი საკმაოდ ფრთხილად ეკიდებოდა ამ გამოწვევას. იგი უარს ამბობდა ხისტი საპასუხო ნაბიჯების გადადგმაზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, კოსმოსის ათვისების პირველობაში ბრძოლის დროს, თუმცა ამ შეხვედრაზე დღის წესრიგში დადგა ამერიკელი ასტრონავტების გადაყვანა მთვარის ზედაპირზე.

1963 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი მიძღვნილ კონგრესზე პრეზიდენტმა ჯ. კენედიმ სიტყვით გამოსვლისას დაანონსა, რომ ცივი ომის მონაწილე ორ ქვეყანას (შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს) შეუძლიათ გააერთიანონ ძალები, მთვარის კვლევის მისიებისათვის. „ეს არის ის სფერო, სადაც საბჭოეთა კავშირს და შეერთებულ შტატებს აქვთ დიდი შესაძლებლობა და პოტენციალი ითანამშრომლონ კოსმოსური სივრცის ათვისებაში. ჩვენ უნდა შევძლოთ და გავაერთიანოთ ძალები სამომავლოდ ამ მიმართულებით“ -განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ჯ. კენედი ამ მესიჯით ერთგვარად ცდილობდა განემუხტა ის დაძაბული ურთიერთობა, რომელიც იმ პერიოდში სუფევდა მსოფლიოს ორ დიდ სახელმწიფოს შორის და მოუწოდებდა მათ მშვიდობიან თანამშრომლობისაკენ. ამ ინიციატივით მან ერთგვარი საფუძველი დაუდო აპოლონის პროგრამის განხორციელების იდეას და გაზარდა სამომავლოდ კოსმოსური პროგრამის დაფინანების ინტერესი.

პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1961 წლის 25 მაისს კონგრესში. სიტყვით გამოსვლის დროს კენედიმ განაცხადა, რომ ათწლეულის ბოლოს შეერთებული შტატები მთვარეზე პილოტირებულ მისიას გაუშვებდა

ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში აპოლოს პროექტი განიხილებოდა, როგორც „პროექტ მერკურის“ გაგრძელება (Project Mercury) რომლის ხომალდის „კაფსულაც“ მხოლოდ ერთ ასტრონავტზე იყო გათვლილი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა პირველი ამერიკელი ასტრონავტის, ალან შეპარდის (Alan Bartlett Shepard) გაფრენა კოსმოსში, 1961 წლის 5 მაისს, იური გაგარინის ცნობილი ფრენიდან 23 დღის შემდეგ. აპოლოს მისიის პროგრამა მერკურისაგან განსხვავებით გულისხმობდა მის გაუმჯობესებულ ვარიანტს. მას უკვე რამდენიმე ასტრონავტის ერთდროულად გაყვანა უნდა შეძლებოდა კოსმოსურ სივრცეში, შემოევლო მთვარის გარშემო და ბოლოს შეძლებოდა უსაფრთხო დაშვება მის ზედაპირზე. პროექტს სახელი „აპოლონი“ (Apollo)  ნასას მენეჯერის ეიბ სილვერშტაინის (Abe Silverstein) ინიციატივით 1960 წელს დაერქვა. აპოლონი ბერძნულ მითოლოგიაში მზისა და სინათლის ღმერთის სახელია.

ეიბ სილვერშტაინი, რომლის ინიციატივითაც მთვარის პროგრამას ბერძნული მითოლოგიის ღმერთის სახელი უწოდეს

პროგრამის მასშტაბები და ფინანსები

პროგრამა აპოლო იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ინიციატივა შეერთებული შტატების ისტორიაში. აპოლოს მისიის პერიოდის წლებში ნასას თანამშრომელთა რაოდენობამ 34 ათასს ადამიანს მიაღწია, კონტრაქტორების რაოდენობა კი 370 ათასს აჭარბებდა. ამ მხრივ კულმინაცია აპოლონ 11-ის მისია იყო, როდესაც რამდენიმე ასეული ათასი თანამშრომელი ერთ საერთო საქმეს ესმახურებოდა, მათ შორის იყვნენ: ასობით მსოფლიო დონის მეცნიერები, ინჟინრები და ტექნიკოსები, ფიზიკოსები, ასტრონომები, მათემატიკოსები და უამრავი სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებიდან მიწვეული პროფესიონალი კადრები. 1973 წელს ნასას საერთო ბიუჯეტი 25,4 მილიარდ დოლარს აღწევდა. ყველაზე ძვირადღირებული აპოლოს ხომალდი იყო, რომელიც მოიცავდა ე. წ სამეთაურო (Command Module (CM)) და მთვარის (Lunar Module (LM)) მოდულებს და ასევე კოსმონავტიკის ისტორიაში უდიდესი, სამსაფეხურიანი რაკეტმზიდი სატურნ V (Saturn V), რომლის სიმაღლეც 110 მეტრზე მეტი იყო, ხოლო მისი საერთო მასა 2800 ტონას უდრიდა, მხოლოდ სატურნ V-ის ღირებულება 1969 წელს 375 მილიონ დოლარზე მეტი იყო.

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს - ნასას (NASA) ლოგო

ზოგადად ღირდა თუ არა აპოლოს პროგრამისათვის ასეთი კოლოსალური ხარჯის გაწევა? ათეულობით წელია მიმდინარეობს კამათი ამ საკითხზე, ერთი კი ფაქტია-ამერიკის ფედერალური ბიუჯეტიდან 1966 წელს თუ ნასას დაფინანსებამ 4,4% მიაღწია, 1975- დან 2000 წლამდე ეს დაფინანსება 1% -მდე შემცირდა, დღეს კი, როგორც ცნობილია, ეს მაჩვენებელი 0,5% -ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით 47 წლის შემდეგ პროგრამა აპოლოს ბოლო წარმატებული მისიიდან, მსოფლოს სამეცნიერო საზოგადოება კვლავ იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალებით, ახლო მომავალში კვლავ განახლდება აპოლოს მსგავსი დიდი პროექტები და მთვარეზე ადამიანის ვიზიტი კვლავ აქტუალურ თემად იქცევა. 

მისიის მზადება

აპოლოს მისიის მზადებისას, ხომალდების უზარმაზარი მასშტაბებიდან გამომდინარე, ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო ახალი ასაფრენი კომპლექსის  აშენება ფლორიდაში (შემდგომში კენედის კოსმოსურ ცენტრად წოდებული (Kennedy Space Center (KSC)), კანავერალის (Canaveral) ნახევარკუნძულზე, რომელზეც უკვე 1961 წლიდან მიმდინარეობდა რაკეტადრომების მშენებლობა ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე LC-34 და LC-37 ასაფრენი ბაზების სახით. ეს ბაზები გამოიყენებოდა ნასას მიერ აპოლოს პროგრამის ფარგლებში არსებულ სატურნ I -ისა (Saturn I) და IB რაკეტების (IB Rockets) გაშვებისათვის, როგორც აპოლოს პროექტის ნაწილი.

კანავერალის კონცხი. ა.შ.შ -ს საჰაერო ძალების ერთერთი „გამშვები კომპლექსის ბაზა“ LC-34, სატურნ I კოსმოსური ხომალდით, 28 მარტ 1963 წ.

სამწუხაროდ, პროგრამა აპოლოს განხორციელებას წარმატებებთან ერთად დიდი წარუმატებლობაც ერგო თან, კერძოდ, აპოლონ 1-ის ტესტირებისას, რომელიც პირველი ხომალდი უნდა ყოფილიყო აპოლოს მისიის ფარგლებში, რომელსაც ასტრონავტები გას გრისომი (Gus Grissim), ედ ვაიტი (Ed White) და როჯერ ჩაფი (Roger Chaffee) უნდა გაეყვანა დედამიწის ორბიტაზე 1967 წლის 27 იანვარს LC-34 გამშვები ბაზიდან, კრახით დასრულდა. როგორც ცნობილი გახდა, ხომალდის ელექტროობაში არსებულმა გაუმართაობამ, ნაპერწკალი გამოიწვია, რასაც მალე ძლიერი ხანძარი მოჰყვა, კვამლმა ასტრონავტების კაბინაში შეაღწია და მასში არსებულ სუფთა ჟანგბადს შეერია. ხანძარმა კაფსულის გამოსასვლელი ჰერმეტული ლუქის კარი გამოიყვანა მწყობრიდან და ასტრონავტებმა ვეღარ შეძლეს ხომალდიდან თავის დაღწევა. რამდენიმე წუთში ხმელეთზე მყოფმა სამაშველო ჯგუფმა შეძლო ლუქის გახსნა, თუმცა უკვე გვიანი იყო, სამივე ასტრონავტი ასფიქსიის შედეგად გარდაცვლილი დახვდათ. ამ ფაქტმა ერთობ შეარყია ნასას ნდობა და ავტორიტეტი. ასეთი მოვლენა პირველად დაფიქსირდა ნასას ისტორიაში და მას მოიხსენიებდნენ როგორც „ასტრონავტების სიკვდილს ხომადლში“. მართალია შემდგომი 18 თვის განმავლობაში ამ ტრაგედიდან ნასას ინჟინრებმა შეიმუშავეს და დახვეწეს უსაფრთხოების ახალი სისტემები ხომალდში, რათა სამომავლოდ მაქსიმალურად ყოფილიყო თავიდან აცილებული მსგავსი შემთხვევები, თუმცა ეს ფაქტი ფსიქოლოგიურად მაინც ძლიერად ზემოქმედებდა შემდგომი თაობის ასტრონავტებზე, რომლებმაც უდიდესი მამაცობა გამოიჩინეს და აპოლოს მისია წარმატებით განახორციელეს.

აპოლონ 1 -ის ეკიპაჟები, მარცხნიდან მარჯვნივ: როჯერ ჩაფი, ედ ვაიტი და გუს გრისომი

მიუხედავად აპოლონ 1-ის ტრაგედიისა, ნასას არ შეუწყვეტია ბრძოლა პროექტის განხორციელებისათვის და უკვე 1968 წლის ოტომბერში აპოლონ 7 წარმატებით გავიდა დედამიწის ორბიტაზე, ასტრონავტებმა, ამ მისიის დროს, პირველად გადმოსცეს პირდაპირი სატელევიზიო ტელერეპორტაჟი კოსმოსური ხომალდიდან. აპოლონ 7 (გაშვების თარიღი 11 ოქტომბერი, 1968 წ) და აპოლონ 9 (გაშვების თარიღი, 3 მარტი, 1969 წ) წარმოადგენდენ დედამიწის ირგვლივ დაბალ ორბიტაზე მფრინავ სატესტო პროექტებს, რომლებსაც უნდა გამოეცადათ სამეთაურო (CM) და მთვარის (LM) მოდულები ღია კოსმოსში, რათა შემდგომ ისინი უსაფრთხოდ გამოეყენებინათ მთვარისაკენ სამოგზაუროდ და მის ზედაპირზე დასაშვებად. აპოლონ 8 (გაშვების თარიღი, 21 დეკემბერი, 1968 წ) და აპოლონ 10 (გაშვების თარიღი, 18 მაისი 1969 წ) მისიები პირველად გაეშურნენ მთვარისაკენ, შემოუფრინეს მას და კაცობრიობის ისტორიაში პირველად გადმოსცეს მთვარის ზედაპირის უნიკალური ფოტო და ვიდეო მასალა. 

აპოლონ 8-ის ასტრონავტის, ბილ ანდერსის (Bill Anders) მიერ გადაღებული ფოტო: „დედამიწის ამოსვლა მთვარის ჰორიზონტზე“ (24 დეკემბერი 1968 წ)

მთვარეზე ვიზიტამდე, აპოლონ 11-ის წინამორბედმა მისიებმა დიდი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს საგამოცდო ბაზებზე და ასევე კოსმოსურ სივრცეში. ნასას პერსონალის თავდაუზოგავმა შრომამ, გაწეულმა რისკებმა, შედეგიც არ დააყოვნა, რაც დაგვირგვინდა კიდეც 1969 წლის 20 ივლისს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, მთვარეზე ადამიანის ფეხის დადგმით.

კომენტარები

ბოლო ამბები