Thumbnail

LightSail 2 - ექსპერიმენტული თანამგზავრი, რომელიც უკვე კოსმოსშია

  • ექსპერიმენტული თანამგზავრი ორბიტაზე მზის ენერგიით იმოძრავებს
  • თანამგზავრი კოსმოსში რაკეტა Falcon Heavy-მ გაიყვანა

Space X-ის რაკეტა Falcon Heavy-მ, რომელმაც სტარტი კანავერალის კონცხიდან აიღო, ორბიტაზე 24 თანამგზავრი გაიყვანა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ექსპერიმენტული LightSail 2-ია. ეს თანამგზავრი პროექტ Planetary Society-ს მიერ არის შექმნილი. ობიექტი სულ 5 კილოგრამს იწონის, თუმცა მცირე ზომის მიუხედავად მას უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია. LightSail 2 უნდა გახდეს პირველი ობიექტი, რომელიც დედამიწის გარშემო ორბიტაზე მხოლოდ მზის ენერგიით იმოძრავებს. ამაში მას დიდი ზომის აფრა უნდა დაეხმაროს.

Planetary Society თავმჯდომარის, ცნობილი ამერიკელი ინჟინრის ბილ ნაის განცხადებით, მზის აფრის იდეა ჯერ კიდევ  XVII საუკუნეში გაჩნდა. იოჰანეს კეპლერი 1608 წელს გალიო გალილეისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს ხომალდებს, რომლებიც კოსმოსში მზის ენერგიით იმოძრავებენ. იმისათვის, რომ კეპლერის იდეა რეალობად ქცეულიყო კაცობრიობას ოთხი საუკუნე დასჭირდა. თუმცა დღესაც კი ეს ტექნოლოგია განვითარების საწყის ეტაპზეა.

2015 წელს Planetary Society-მ დაბალ ორბიტაზე  პირველი ობიექტი LightSail 1 გაუშვა. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ თანამგზავრის დისტანციურად მართვა შესაძლებელია და მან მზის აფრის გახსნაც მოახერხა.  LightSail 2-ს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მისია აკისრია. ახალმა თანამგზავრმა წელიწადზე მეტი მაღალ ორბიტაზე უნდა გაატაროს და მანევრირების გზით მზის ენერგია დაიჭიროს. იმ შემთხვევაში თუ თანამგზავრმა ამოცანის შესრულება მოახერხა, მსგავს აღჭურვილობას სხვა პატარა ზომის თანამგზავრებზეც დაამონტაჟებენ. ეს თანამგზავრების ორბიტაზე გაშვებას ბევრად უფრო იაფს და ხელმისაწვდომს გახდის. 

კომენტარები

ბოლო ამბები