Thumbnail

Lightyear One - ელექტრომობილი, რომელიც მზის ენერგიას იყენებს

  • ჰოლანდიურ ელექტრომობილს კორპუსზე მზის პანელები გააჩნია
  • Lightyear დამუხტვის შემდეგ 725 კილომეტრს გაივლის

ჰოლანდიურმა სტარტაპმა Lightyear უნიკალური ელექტრომობილის პროტოტიპი წარმოადგინა. მოდელის კორპუსში მზის პანელებია ჩამონტაჟებული, რომლებიც აკუმულატორს კვებავენ. ავტომობილს დამუხტვა მოძრაობის დროს შეუძლია. Lightyear One-ს კონკურენტებთან შედარებით კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ელექტროქსელში დამუხტვის შემდეგ მას 725 კილომეტრის გავლა შეუძლია. რაც დაახლოებით მეოთხედით მეტია, ვიდრე Tesla Model S-ის (Tesla Model S დამუხტვის შემდეგ 595 კილომეტრს გადის). ოთხი ელექტროძრავით აღჭურვილი Lightyear One 100 კმ/სთ სიჩქარეს 10 წამში ანვითარებს. 

ჰოლანდიურ კომპანიაში განმარტავენ, რომ მზეზე გატარებულ ერთი საათში ელექტრომობილი 12 კილომეტრის გასავლელად საკმარის ენერგიას გამოიმუშავებს. თუ ავტომობილის მფლობელი დილას სამსახურში წავა და 30 კილომეტრს გაივლის, 8 საათის შემდეგ მას 96 კილომეტრის გასასვლელი მარაგი ექნება, თანაც ეს ავტომობილის ელექტრო ქსელთან მიერთების გარეშე მოხდება. 

Lightyear-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ელექტრომობილის მზის პანელების ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა  დამოკიდებული წელიწადის დროზე და კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონზე. ჰოლანდიაში, სადაც მზიანი დღეებიც შედარებით ნაკლებია, მზის პანელის ეფექტურობა გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე საბერძნეთში ან იტალიაში.

ჰოლანდიური კომპანია სერიულად პირველ ეტაპზე მხოლოდ 500 ელექტრომობილს გამოუშვებს. “მზის” ელექტრომობილის ფასი საკმაოდ მაღალია. წინასწარი შეკვეთით მისი ყიდვა 119 ათას ევრო არის შესაძლებელი. ავტომობილის ოფიციალური ღირებულება 149 ათასი ევროა. 

კომენტარები

ბოლო ამბები