Thumbnail

NASA სატურნის თანამგზავრის შესასწავლად მისიას ამზადებს

  • NASA სატურნის თანამგზავრზე ცოცხალი ორგანიზმების კვალის აღმოსაჩენად მისიას გააგზავნის
  • ტიტანი დედამიწის შემდეგ მზის სისტემის ერთადერთი ობიექტია, სადაც თხევადი მასის არსებობა დამტკიცებულია

სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრი უკვე წლებია ასტრონომების ყურადღების ცენტრშია. დაბალი ტემპერატურის და ყინულოვანი ზედაპირის მიუხედავად ტიტანს გააჩნია ატმოსფერო და დედამიწასთან ერთად მზის სისტემის ერთადერთი ობიექტია, სადაც თხევადი მასის არსებობა დამტკიცებულია. რეზერვუარები მის ზედაპირზე სავარაუდოდ მეთანისგან და ეთანისგან შედგება. სწორედ ეს რეზერვუარები იწვევს მეცნიერების განსაკუთრებულ ინტერესს. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ამ სივრცეში შესაძლებელია მიკროორგანიზმების არსებობა. 

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო ტიტანის შესწავლას ახალი პროგრამის, Dragonfly-ს ფარგლებში გეგმავს. მისია სტარტს 2026 წელს აიღებს. NASA-ს სამეცნიერო ჯგუფის გათვლებით, კოსმოსური ხომალდი სატურნის თანამგზავრს 2034 წელს მიაღწევს. 

აპარატი, რომელიც ტიტანს შეისწავლის მარსმავალ Curiosity-ს ზომის იქნება. თუმცა მისგან განსხვავებით Dragonfly-ს აპარატი ობიექტის ზედაპირზე არ იმოძრავებს. ვინაიდან ტიტანზე ტემპერატურა - 179 გრადუსია, NASA-ში გადაწყვიტეს, რომ გამოსაკვლევად ყველაზე ოპტიმალური საფრენი აპარატის გამოყენება იქნება. ზემოდან NASA-ს აპარატი დეტალურად შეისწავლის ტიტანის აგებულებას და ძირითადად 90 კილომეტრიანი კრატერის, სელკის ტერიტორიაზე იმოძრავებს. 

ტიტანი მზის სისტემის სხვა ობიექტებს არ ჰგავს. Dragonfly-ს მისია კი სხვა მისიებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ჩვენ მიერ შექმნილი საფრენი აპარატი იუპიტერის თანამგზავრის სივრცეში იფრენს და შეისწავლის მის უჩვეულო გარემოს. მისია მინიმუმ ორი  წელი გაგრძელდება - თომას ზურბუხენი, NASA-ს სამეცნიერო მისიების ხელმძღვანელის მოადგილე.

კოსმოსურ ხომალდ კასინის მიერ გადაღებული ტიტანის ტბები

ტიტანის კვლევაში უმნიშვნელოვანესი იყო კოსმოსურ ხომალდ კასინი-ჰიუიგენსის მისია. ეს აპარატი ერთობლივად შექმნეს NASA-მ, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA)  და იტალიის კოსმოსურმა სააგენტომ (ASI). კასინი კოსმოსში 1997 წლის ოქტომბერში გაუშვეს. სწორედ ამ კოსმოსური ხომალდის მიერ გადაღებული მასალის საფუძველზე 2006 წელს მეცნიერებმა დოკუმენტურად დაადგინეს სატურნის თანამგზავრზე თხევადი მასის არსებობა.

კომენტარები

ბოლო ამბები