Thumbnail

გრენლანდიაში ყინულის ქვეშ 50-ზე მეტი ტბა აღმოაჩინეს

  • ტბების აღმოჩენა კოსმოსურ თანამგზავრ ICESat-ის საშუალებით მოხერხდა
  • ყველაზე დიდი ტბის სიგრძე ექვსი კილომეტრია

გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, რომლის ფართობიც  2 166 086 კმ²-ია. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ 56 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გრენლანდიის ¾-ზე მეტი მუდმივად ყინულით არის დაფარული.  ყინულის უზარმაზარი მასის ქვეშ ამ დრომდე ცნობილი იყო ოთხი ტბის არსებობა. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს.

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო სპეციალური პროგრამის, IceBridge-ის ფარგლებში გრენლანდიის დეტალურ რუკას ადგენს და კოსმოსური თანამგზავრის მეშვეობით კუნძულზე ყინულის საფარის მდგომარეობას აკვირდება. კოსმოსური თანამგზავრი ICESat  პლანეტის ყველაზე დიდი კუნძულის შესახებ ინფორმაციას უკვე წლებია აგროვებს. მისი დახმარებით მეცნიერებმა გრენლანდიის ყინულის საფარის ქვეშ 50-ზე მეტი ტბა აღმოაჩინეს.

NASA-ს ინფორმაციით, ყინულის ქვეშ განლაგებული ყველაზე პატარა ტბა 200 მეტრს აღწევს, ყველაზე დიდი ტბის სიგრძე კი ექვსი კილომეტრია. ამ დროისათვის გრენლანდიის ახალი ტბები ოფიციალურად რუკაზე დატანილი არ არის, მაგრამ სამეცნიერო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გრენლანდიის ყინულის ქვეშ მომავალში კიდევ არაერთ ტბას დააფიქსირებენ, რადგან პროგრამა IceBridge-ის კვლევა ამ ეტაპზე ვრცელი კუნძულის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს მოიცავს. 

თანამედროვე ტექნოლოგია გვეხმარება დედამიწის ყველაზე რთული რელიეფის მქონე ადგილების დეტალური გეოგრაფიული რუკების შედგენაში. კოსმოსურ თანამგზავრ ICESat-ის გარეშე ჩვენ ამ ინფორმაციას ვერ მოვიპოვებდით. თანამგზავრის მიერ გამოგზავნილი მონაცემების დამუშავების შემდეგ ზუსტი წარმოდგენა შეგვექმნა კუნძულზე ყინულის ქვეშ არსებული ტბების განლაგებაზე- ჯეიდ ბოულინგი, ლანკასტერის უნივერსიტეტის მკვლევარი.

კომენტარები

ბოლო ამბები