Thumbnail

კონგრესი ფეისბუქის კრიპტოვალუტის გამოშვების გადადებას ითხოვს

  • წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ფეისბუქს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს
  • კონგრესმენები საკითხის დეტალურად შესწავლას ითხოვენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ფეისბუქს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, რომელშიც კრიპტოვალუტა Libra-ს გამოშვების გადადებას მოითხოვენ. ამერიკელ კანონმდებლებს კითხვები ძირითადად კრიპტოვალუტის უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით აქვთ. კონგრესმენებს აინტერესებთ როგორ აისახება Libra-ს გამოჩენა მსოფლიო ვალუტების სტაბილურობაზე და  ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. კონგრესმენების წერილის სრული ტექსტი NBC-ს კორესპონდენტმა ფრენკ ტორპმა გამოაქვეყნა.

წერილში კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ მარკ ცუკერბერგის ახალი პროექტი “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს კონფიდენციალურობის, ვაჭრობის, ეროვნული უსაფრთხოების და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კუთხით არა მხოლოდ ფეისბუქის 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლისთვის, არამედ ინვესტორებისთვის და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკისთვის”.

ამ წერილიდანაც ჩანს, რომ ამერიკელი კანონმდებლები ცუკერბერგის ინიციატივას სერიოზულ ბარიერს შეუქმნიან. როგორც დემოკრატიულ, ასევე რესპუბლიკურ პარტიაში მრავლად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ფეისბუქის მენეჯმენტის და პირადად მარკ ცეკერბერგის საქმიანობას  აკრიტიკებენ. ახალი კრიპტოვალუტის გამოშვებას ფეისბუქი 2020 წელს აპირებდა, თუმცა კონგრესის პოზიცია დიდი ალბათობით ამ გეგმებში ცვლილებას შეიტანს.

ექსპერტების შეფასებით, კომპანიის ფინანსურ სექტორში გამოჩენამ შესაძლოა მსოფლიოს საბანკო სისტემაში რევოლუცია მოახდინოს. პრეზენტაციის დროს მარკ ცუკერბერგმა განმარტა, რომ კრიპტოვალუტით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს საბანკო ანგარიშის გარეშეც შეუძლია და  Libra-ს მისია მარტივი გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნაა. აპლიკაციის საშუალებით სხვა მომხმარებლებთან თანხის გადარიცხვა და ამა თუ იმ პროდუქტისა თუ სერვისის საფასურის გადახდა ადგილობრივი ვალუტის ნაცვლად ციფრული ვალუტით იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კრიპტოვალუტა ფეისბუქმა შექმნა, მის ოპერირებაში ჩართვას 27 კომპანია, მათ შორის Mastercard, Paypal და eBay აპირებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები