Thumbnail
  • ავტომობილის ასაწყობად სტერლინგ ბეკასს წელიწადნახევარი დასჭირდა
  • Lamborghini Aventador-ის თითქმის ყველა დეტალი 3D პრინტერით არის დამზადებული

ამერიკელ სტერლინგ ბეკასს სურს დაამტკიცოს, რომ ძვირადღირებული ავტომობილის შესაძენად სულაც არ არის საჭირო ასობით ათასი დოლარი. ბეკასმა ერთ-ერთ ვიდეო თამაშში ახალი სპორტული ავტომობილის Lamborghini Aventador-ის კადრი ნახა და მისი სახლში აწყობა გადაწყვიტა. 300 ათასი დოლარის ღირებულების იტალიური ავტომობილის დამზადება ბეკასმა საკუთარ ავტოფარეხში შვილის დახმარებით დაიწყო.  

ბეკასი ამბობს, რომ თავდაპირველად მისი სურვილი 11 წლის შვილის ინჟინერიით დაინტერესება იყო. თუმცა როდესაც მუშაობა დაიწყეს მიხვდა, რომ ტექნიკური განათლებით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია ძვირადღირებული ავტომობილის დამზადება. 

გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა უახლესი ტექნოლოგიები და ამავე დროს ხარჯები მინიმუმამდე დაგვეყვანა. გვინდა ეს ავტომობილი სკოლებში ბავშვებს ვაჩვენოთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მიღწევა მაგალითი იქნება მოსწავლეებისათვის და ისინი კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან მეცნიერებით, ტექნოლოგიებით, ინჟინერიით და ხელოვნებით - სტერლინგ ბეკასი.

მამა-შვილმა ბეკასებმა ავტომობილის ასაწყობად რამდენიმე 3D პრინტერი გამოიყენეს. შედარებით უფრო მყარ დეტალებს  QIDI Xpro პრინტერზე აწყობდნენ, ავტომობილის სხვა ნაწილები კი CR-10S და CR-105S პრინტერებზე დაამზადეს. Lamborghini Aventador-ის რამდენიმე დეტალი eBay-ზე შეიძინეს,  სქემები კი ინტერნეტიდან გადმოწერეს. ავტომობილის აწყობას წელიწადნახევარი დასჭირდა. საბოლოოდ ხარჯებმა 20 ათასი დოლარი შეადგინა. ავტომობილის ყველა დეტალი ძრავის, საბურავების და გადაცემათა კოლოფის გარდა ბეკასებმა 3D  პრინტერით ააწყეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები