Thumbnail

ავსტრიაში ახალი თაობის ავტოპილოტით აღჭურვილი თვითმფრინავი გამოსცადეს

  • ავტოპილოტის ახალი სისტემა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნეს
  • სისტემის გამოყენება პატარა აეროპორტებშიც არის შესაძლებელი

ვენაში ახალი თაობის ავტოპილოტით აღჭურვილმა თვითმფრინავმა აეროპორტში დაშვება პილოტის ჩარევის გარეშე მოახერხა. ავტოპილოტის სისტემა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნეს. პროექტზე მომუშავე ჯგუფი მიიჩნევს, რომ მათი გამოგონება მომავლის ავიაციას მნიშვნელოვნად შეცვლის.

დღესდღეობით ავტოპილოტს არა მხოლოდ ჰორიზონტალური ფრენის დროს იყენებენ, არამედ თვითმფრინავის დაშვების მომენტშიც. მაგრამ ISL (Instrument landing system)  სახმელეთო სამსახურებთან კავშირში მუშაობს. თვითმფრინავის კურსის კორექტირება სწორედ ხმელეთიდან მიღებული შეტყობინებების მიხედვით ხდება. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის წევრის მარტინ კუგლერის შეფასებით, პატარა აეროპორტებს არ აქვთ ამ სისტემის გამოყენების შესაძლებლობა. ISL-ის მონტაჟისთვის აეროპორტის გარშემო უსაფრთხოების ზონა უნდა შეიქმნას, რაც მცირე ზომის აეროპორტის შემთხვევაში რთულად განსახორციელებელია.

გერმანელი ინჟინრების მიერ შექმნილი ახალი სისტემის, C2Land-ის გამოყენება შესაძლებელია როგორც დიდ საჰაერო ხომალდზე, ასევე მცირე ზომის თვითმფრინავზე.  ჰორიზონტალური ფრენის დროს დღეს მოქმედი ავტოპილოტი GPS-დან მიღებულ სიგნალებს იყენებს, თუმცა ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით პილოტმა 60 მეტრ სიმაღლეზე თვითმფრინავის მართვა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ახალი სისტემა GPS-თან ერთად დამატებით ორ კამერას იყენებს : ჩვეულებრივს და ცუდი ამინდის შემთხვევაში ინფრაწითელს. ეს ფაქტორი  მას უსაფრთხოების დამატებით მექანიზმებს ანიჭებს. 

ახალი გერმანული სისტემა მცირე ზომის, ორადგილიან თვითმფრინავ Diamond DA42-ზე ავსტრიაში გამოსცადეს. პილოტ თომას ვიმერის შეფასებით:

საცდელი დაშვება წარმატებული იყო და კამერებმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აეროპორტიდან საკმაოდ დიდ მანძილზე ამოიცნეს. სისტემა დამოუკიდებლად მართავდა საჰაერო ხომალდს და უპრობლემოდ შეძლო აეროპორტში დაშვება.

კომენტარები

ბოლო ამბები