Thumbnail

მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისთვის სამსუნგს სასამართლოში უჩივიან

  • ავსტრალიის მომხმარებელთა დაცვის სამსახური სამსუნგის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
  • სამსუნგს არასწორი რეკლამირებით მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა ედება ბრალად

ავსტრალიის მომხმარებელთა დაცვის სამსახური ACCC სამსუნგის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელს ამზადებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სარჩელის ავტორების თანახმად, სამსუნგი საკუთარი სმარტფონების სარეკლამო კამპანიებში ძირითად აქცენტს მოწყობილობების წყალგამძლეობაზე აკეთებს, რასაც მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს, რადგან რეალურად სამსუნგის სმარტფონების წყალში გამოყენება რეკომენდირებული არ არის. 

ACCC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამსუნგის რეკლამებში სმარტფონების წყალქვეშ, მათ შორის აუზებსა და ზღვაში გამოყენების შემთხვევებია ასახული, თუმცა სამსუნგი ოფიციალურ ვებგვერდზე მომხმარებლებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ სმარტფონი წყალში, რაც მისივე სარეკლამო კამპანიებთან წინააღმდეგობაში მოდის. 

ოფიციალური ინფორმაციით, სამსუნგის სმარტფონები წყალგამძლეა IP68 დონეზე, თუმცა ავსტრალიის მომხმარებელთა დაცვის სამსახურის თანახმად, მსგავსი ტიპის დაცულობა ზღვის მარილიან და აუზის ქლორიან წყალში არ მუშაობს.

“მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით, სამსუნგის რეკლამებში სმარტფონები ისეთ მდგომარეობაშია ნაჩვენები, რა მდგომარეობაშიც მოწყობილობის გამოყენება რეალურად შეუძლებელია." - ACCC

ACCC-ის თანახმად, სამართლებრივ რეაგირებამდე სამსუნგის 300-ზე მეტი რეკლამის რეალურ პროდუქციასთან შესაბამისობა შეისწავლეს. 

სამსუნგის წარმომადგენელმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი რეკლამები სიმართლეს შეესაბამება და საკუთარ პოზიციას ბოლომდე დაიცავენ.  იმ შემთხვევაში, თუკი სამსუნგის რეკლამების მის პროდუქციასთან შეუსაბამობა და მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შემთხვევები სასამართლოს გზით დადასტურდა, კომპანიას ფულადი ჯარიმა დაეკისრება.

კომენტარები

ბოლო ამბები