Thumbnail

Facebook-ი კონტენტის შემქმნელებს ფულის გამომუშავების ახალ გზებს სთავაზობს

  • Facebook-ს იუთუბერების გადმობირება სურს
  • პლატფორმას დაემატება ექსკლუზიური ჯგუფები საწევრო გადასახადით

VidCon-ამდე რამდენიმე დღით ადრე Facebook-მა პლატფორმის კონტენტის შემქმნელებისთვის მონეტიზაციის ახალ გზები წარადგინა, მათ შორის ჯგუფები საწევრო გადასახადით, "ვარსკვლავები" და რეკლამის განთავსების ახალი შესაძლებლობები. 

Facebook-ი წლების განმავლობაში ცდილობს ვლოგერები, სტრიმერები და სხვა კონტენტის შემქმნელები Youtube-დან და Patreon-იდან ფულის გამომუშავების სხვადასხვა გზებით საკუთარი პლატფორმისკენ გადმოიბიროს. ამ დრომდე მონეტიზაციის ძირითადი წყარო ვიდეოს რეკლამები იყო, ამჯერად კი პლატფორმა გვერდებს აძლევს საშუალებას, დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ ფანებს ექსკლუზიური კონტენტი შესთავაზონ.

ამ ეტაპზე Facebook-ი ცდის ფუნქციას Stars, რომლის დახმარებით მომხმარებლებს მხარდაჭერის გამოსახატად სტრიმერებისთვის პირდაპირ ეთერში ვარსკვლავების გაგზავნა შეუძლიათ. 100 ვარსკვლავის ყიდვა 1.40 დოლარად არის შესაძლებელი. სტრიმერები თითოეული ვარსკვლავისგან 1 ცენტს მიიღებენ. ფუნქცია ამ დრომდე შეზღუდულად, მხოლოდ გეიმერებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

მონეტიზაციის შესახებ ინფორმაციის ნახვა Facebook-ის Creator Studio-ში იქნება შესაძლებელი, სადაც გაერთიანებულია ინფორმაცია Facebook-ზე, Instagram-ზე და IGTV-ზე გამომუშავებული თანხის შესახებ. ასევე, მომხმარებლები Creator Studio-ში საკუთარ კონტენტზე რეკლამის განთავსების ფორმის განსაზღვრასაც შეძლებენ. 

Facebook-ი ფანებისთვის, რომელთაც უფრო დიდი ოდენობის თანხის დონაცია სურთ, ქმნის ჯგუფებს ყოველთვიური საწევრო გადასახადით. მომხმარებლები ჯგუფში გაწევრიანებით ამა თუ იმ გვერდის ექსკლუზიურ კონტენტზე მიიღებენ წვდომას.

ახალი ფუნქციებით სარგებლობა შეუძლიათ Facebook-ის გვერდებს, რომელთაც Fan Subscriptions მოწვევა მოუვიდათ. გასათვალისწინებელია, რომ კონტრაქტის თანახმად Facebook-ი გამომუშავებული თანხის 30%-ს და განთავსებულ კონტენტზე ლიცენზიას იღებს, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ გვერდი Fan Subscriptions ფუნქციის გამოყენებას შეწყვეტს. 

კომენტარები

ბოლო ამბები