Thumbnail

iPhone-ს ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ახალი ფუნქციები დაემატება

  • Apple Health-ს ახალი ფუნქციები დაემატება
  • აპლიკაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე განახლდება

მიმდინარე წლის იანვარში Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა განაცხადა, რომ მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანიის მთავარი პრიორიტეტია და Apple-ის ყველაზე დიდი მიღწევა კაცობრიობის წინაშე სწორედ ჯანდაცვასთან იქნება დაკავშირებული.

სწორედ მომხმარებლების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურება აპლიკაცია Health-ის განახლებული ვერსია, რომელიც iOS 13-თან ერთად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა.

ყველა სიახლე, რომელიც აპლიკაცია Health-ის ახალ ვერსიაში იქნება ხელმისაწვდომი:

უფრო მრავალფეროვანი მთავარი გვერდი

განახლებულ აპლიკაციას Health-ის ამჟამინდელი ვერსიისგან განსხვავებული დიზაინი ექნება. აპლიკაციის მთავარ გვერდზე ყველა ძირითადი მონაცემია თავმოყრილი, რომელთა მოდიფიკაცია თავად მომხმარებელსაც შეუძლია. თითოეულ მაჩვენებელზე დაკლიკებით დეტალური ინფორმაციის მიღება და ფიზიკური აქტივობის, კვების, ძილის და სხვა მაჩვენებლების შესახებ ინდივიდუალური სტატისტიკის ნახვაა შესაძლებელი.

მეტი ინფორმაცია აქტივობების შესახებ

ახალ განყოფილებაში - Highlights მონაცემებთან ერთად თითოეული მაჩვენებლის კონტექსტი და მნიშვნელობა უფრო დეტალურად არის ახსნილი. ამავე სექციაშია ნაჩვენები მონაცემების შედარება დღეების, კვირების, თვეების და წლების მიხედვით. ამა თუ იმ მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად აპლიკაცია მომხმარებლებს შესაბამის რჩევებსაც აძლევს. 

ახალი სექცია გაუმჯობესებული სმენისთვის

ჯანმრთელობის აპლიკაციას ემატება ახალი მაჩვენებელი, რომელიც აკონტროლებს, უსმენთ თუ არა დღის განმავლობაში მუსიკას დასაშვებ ხმაზე. 80 დეციბელზე ხმამაღალი აუდიოს დაფიქსირების შემთხვევაში, მაჩვენებელი ითვლება როგორც “ხმამაღალი”, 80-ზე ნაკლები დეციბელის შემთხვევაში კი როგორც “დამაკმაყოფილებელი”. აპლიკაციის თანახმად, მუსიკის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხმამაღლა მოსმენამ შესაძლოა სმენის დაქვეითება გამოიწვიოს. 

ზუსტი მონაცემების დასაფიქსირებლად Apple-ი საკუთარი ბრენდის ან Beats-ის ყურსასმენების გამოყენებას გვირჩევს. სხვა ბრენდის ყურსასმენების შემთხვევაში მონაცემები ტელეფონში დაფიქსირებული ხმის დონის შესაბამისად დაფიქსირდება.

ციკლის კალენდარი ქალებისთვის

აპლიკაციის ახალ სექცია Cycle Tracking-ში ქალები შეძლებენ, აპლიკაციაში ციკლის დაწყებისა და დამთავრების თარიღი და მასთან ასოცირებულ სიმპტომებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიყვანონ. აპლიკაცია შემდეგი ციკლის და ოვულაციის სავარაუდო თარიღებს მომხმარებლის მიერ შეყვანილ მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრავს. ანალოგიური ფუნქციის აპლიკაციები უკვე მრავალი წელია არსებობს ცალკეულად, თუმცა მათი დამატებით გადმოწერა iPhone-ის მომხმარებლებს აღარ მოუწევთ.

კომენტარები

ბოლო ამბები