Thumbnail

ბრიტანული ზებგერითი ავტომობილი ახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადება

  • Bloodhound-ს 2019 წლის ოქტომბერში კალაჰარის უდაბნოში გამოცდიან
  • ავტომობილის პილოტი ინგლისელი ენდი გრინი იქნება

Bloodhound SSC ბრიტანული ზებგერითი ავტომობილია, რომელმაც სახელწოდება დიდი ბრიტანეთის არმიის შეაირაღებაში არსებული რაკეტის საპატივცემულოდ მიიღო. ზებგერითი ავტომობილის პროექტი ოფიციალურად 2008 წელს დაანონსდა. მისი მხარდამჭერი დიდი ბრიტანეთის მთავრობაც იყო. პროექტის განხორციელება ინჟინერ რიჩარდ ნოუბლის გუნდმა დაიწყო. კონსტრუქტორები მიზნად ისახავდნენ ავტომობილის აწყობას, რომელიც 1609 კმ/სთ-ის სიჩქარეს განავითარებდა. თუმცა ავტომობილის პრეზენტაციის შემდეგ  პროექტს დაფინანსების პრობლემები შეექმნა და 2018 წლის ბოლოს დაიხურა.

პროექტის აღდგენა ბიზნესმენ იენ უორჰერსტის დამსახურებაა, რომელმაც ზებგერითი ავტომობილის გამოსაცდელად სოლიდური თანხა გამოყო. უორჰერსტმა მიზნის მისაღწევად ახალი გუნდი შეკრიბა და ავტომობილს სახელიც გადაარქვა. ზებგერით ავტომობილს ოფიციალურად Bloodhound LSR-ად მოიხსენიებენ. უკვე ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში ავტომობილი სიჩქარეში მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება.

ავტომობილს აფრიკაში, კალაჰარის უდაბნოში ამომშრალი ტბის ფსკერზე გამოცდიან. ამ მონაკვეთზე 18 კილომეტრიანი ტრასაა გაყვანილი. Bloodhound LSR-ის სიგრძე 12,9 მეტრია, სიგანე 2,5. კონსტრუქციის საერთო მასა 6 422 კილოგრამია. მიუხედავად სიმძიმისა, კორპუსის განსაკუთრებული ფორმა ავტომობილს მაღალი სისწრაფის განვითარებაში ეხმარება. Bloodhound LSR თვითმფრინავის და კოსმოსური ხომალდის ტექნოლოგიებს იყენებს და მისი აღჭურვა რაკეტის ძრავითაც არის შესაძლებელი.

თავდაპირველად ავტომობილს რაკეტის ძრავების გარეშე გამოცდიან. პირველ ეტაპზე კონსტრუქტორები Bloodhound-ის  შედარებით დაბალ სიჩქარეზე მოძრაობას დააკვირდებიან. რაკეტის ძრავებს ავტომობილზე პირველი გამოცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაამონტაჟებენ. კონსტრუქტორების მიზანია, რომ ზებგერითმა ავტომობილმა 1280 კილომეტრის სისწრაფე განავითაროს. ავტომობილის პილოტი ინგლისელი ენდი გრინი იქნება, რომელმაც 1995 წლის 15 ოქტომბერს ავტომობილ Thrust SSC-ით ნევადაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გრინის ავტომობილმა მაშინ 1230 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

კომენტარები

ბოლო ამბები