Thumbnail
  • კომპანიის იუბილესთან დაკავშირებით Bentley-მ ელექტრომობილ EXP 100 GT-ს გამოშვება დაანონსა 
  • ელექტრომობილი დამუხტვის შემდეგ 700 კილომეტრს გაივლის და ავტოპილოტის ფუნქცია ექნება

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და აღიარებული საავტომობილო ბრენდი Bentley 2019 წელს იუბილეს აღნიშნავს.  Bentley Motors Ltd ოფიციალურად 1919 წლის აგვისტოში ინგლისში დაარეგისტრირეს. ბრიტანულმა კომპანიამ ამ თარიღთან დაკავშირებით ახალი ავტომობილის კონცეპტის წარდგენა გადაწყვიტა. EXP 100 GT ელექტრომობილია, რომელსაც კომპანიაში მომავლის ავტომობილად მიიჩნევენ. 

Bentley-ს ელექტრომობილს ოთხი ელექტროძრავი ექნება. 100 კმ/სთ-ის განვითარებას ავტომობილი სულ რაღაც 2,5 წამში შეძლებს. EXP 100 GT-ის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ია. ელექტრომობილის აკუმულატორის 80 პროცენტამდე დამუხტვას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. დამუხტვის შემდეგ ავტომობილი შთამბეჭდავ დისტანციას, 700 კილომეტრს გაივლის. ამავე დროს EXP 100 GT-ს ავტოპილოტის ფუნქციაც ექნება.

როგორც მოსალოდნელი იყო ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა განსაკუთრებული ყურადღება ავტომობილის დიზაინს და ინტერიერს მიანიჭა. ლუქს კლასის საავტომობილო ბრენდმა ელექტრომობილის ვიზუალის შექმნის დროს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება გამოიყენა. ამ ეტაპზე EXP 100 GT მხოლოდ კონცეპტია და ავტომობილის შესაქმნელად ინჟინრების ჯგუფს ხანგრძლივი სამუშაო ელის. ყველაზე რთული ეტაპი აკუმულატორის შექმნაა, რომელიც თანამედროვე აკუმულატორზე ხუთჯერ უფრო ეფექტური უნდა იყოს. თუმცა Bentley-ს გუნდში აღნიშნავენ, რომ მიზნის მიღწევა რეალურია და კომპანია ამას უახლოეს პერიოდში შეძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები