Thumbnail

ხმოვანი ასისტენტი Alexa ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებს მოგცემთ

  • სერვისი Amazon-ის და ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომლობით შეიქმნა
  • ფუნქციით სარგებლობა ამ დროისთვის მხოლოდ ბრიტანეთშია შესაძლებელი

Amazon-ის ხმოვან ასისტენტ Alexa-ს მომხმარებლებისთვის უკვე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევების მიცემაც შეუძლია. ხმოვან ასისტენტს ახალი ფუნქცია ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დაემატა. ფუნქციით სარგებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით არის შესაძლებელი.

Alexa მომხმარებლების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხს ავტომატურად ეძებს ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის ვებგვერდზე, რომელზეც სანდო სამედიცინო ინფორმაციაა თავმოყრილი. ამ დრომდე ხმოვანი ასისტენტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს სხვადასხვა საიტებზე მოცემული პოპულარული რჩევების საფუძველზე პასუხობდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობას მიაჩნია, რომ ამ გზით, ერთი მხრივ, ექიმების მიმართ გაზრდილ მიმართვიანობას გარკვეულწილად დაარეგულირებენ, მეორე მხრივ კი სანდო ინფორმაციას მიაწოდებენ მათ, ვისაც კონკრეტულ მომენტში ამა თუ იმ მიზეზის გამო სამედიცინო სერვისებზე წვდომა არ აქვთ.

ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ არსებობს საფრთხე, ადამიანებმა ხმოვანი ასისტენტის იმედად ექიმებს ნაკლებად მიმართონ, რაც რიგ შემთხვევებში შესაძლოა ფატალურიც კი აღმოჩნდეს. ამ მიზეზის გამო, მსგავსი სერვისების გამოყენება მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად არის რეკომენდირებული და ის ექიმის ალტერნატივად არ უნდა განიხილებოდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები