Thumbnail

SpaceBok - რობოტი, რომელიც მთვარის ზედაპირზე გადაადგილებას შეძლებს

  • რობოტი Spacebok ციურიხის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დაამზადეს
  • ოთხფეხა რობოტს მოძრაობა დაბალი გრავიტაციის პირობებში შეუძლია

ოთხფეხა რობოტი Spacebok შვეიცარიაში, ციურიხის ტექნოლოგიური ინსტიტუტში დაამზადეს. რობოტს შეუძლია სხვადასხვა გარემოში ადაპტაცია, ინარჩუნებს წონასწორობას ციცაბო ფერდობზე და ყინულზე. თუმცა შვეიცარიელმა ინჟინრებმა გადაწყვიტეს ოთხფეხა რობოტისთვის ამოცანა კიდევ უფრო გაერთულებინათ და გაერკვიათ რამდენად შეძლებს Spacebok საჭიროების შემთხვევაში მთვარის ზედაპირზე გადაადგილებას.

ცნობილია, რომ მთვარეზე გრავიტაცია 6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დედამიწაზე. სწორედ ამიტომ, მსგავს გარემოში რობოტის  გადაადგილებისთვის ინჟინრებმა ოპტიმალური გამოსავალი მონახეს. Spacebok-ს ჰაერში ხტომა ასწავლეს. ევროპული კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, რობოტს ორ მეტრამდე სიმაღლეზე ხტომა შეუძლია და მთვარის ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში დაახლოებით ისე გადაადგილდება, როგორც კენგურუ. 

რობოტს ოთხივე კიდურში სპეციალური ზამბარები აქვს, რაც მოძრაობას უადვილებს. Spacebok უკვე გამოსცადეს სივრცეში, სადაც მთვარის მსგავსი დაბალი გრავიტაციის გარემო შექმნეს. რობოტმა დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულა. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ როგორი იქნება Spacebok-ის პრაქტიკული დანიშნულება. ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში ოთხფეხა რობოტმა მთვარის მისიის ფარგლებში დედამიწის თანამგზავრზე მოხვედრა მართლაც მოახერხოს.

კომენტარები

ბოლო ამბები