Thumbnail

Space X Starship-ის პროტოტიპის ჰაერში გამოცდას იწყებს

  • კოსმოსური ხომალდის პროტოტიპი დაბალ სიმაღლეზე უნდა ავიდეს
  • Space X-ის გუნდს სურს დაადგინოს რამდენად უსაფრთხოა რაკეტის ძრავა

Space X რაკეტა Starship-ის მცირე ზომის პროტოტიპის, Starhopper-ის ჰაერში გამოსაცდელად ემზადება. აპრილიდან მოყოლებული პროტოტიპი სტატიურად  რამდენჯერმე გამოსცადეს. შემდეგი მიზანი Starhopper-ის შედარებით მოკრძალებულ სიმაღლეზე გაშვებაა. პირველ ეტაპზე ხომალდი მხოლოდ 20 მეტრის სიმაღლეზე უნდა ავიდეს. თუმცა ამ ტესტსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ილონ მასკის განცხადებით, პროტოტიპს  ტეხასში, ბოკა ჩიკას პოლიგონზე გამოცდიან. ეს მოვლენა პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული. სანამ ხომალდი აფრინდება, მის ძრავას, Raptor-ს ცეცხლგამძლეობაზე გამოცდიან. აღსანიშნავია, რომ რაკეტის გამოცდა რამდენჯერმე გადაიტანეს ძრავასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გამო. პროექტის წარმატებისთვის Raptor-ის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას გადამწყეტი მნიშვნელობა აქვს. Starship-ის მსგავსად Starhopper-იც უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული. მინი პროტოტიპმა უახლოეს რამდენიმე თვეში  ფრენები ჯერ 500 მეტრის, შემდეგ კი 5 კილომეტრის სიმაღლეზე უნდა შეასრულოს.   

პარალელურად მასკის გუნდი Starship-ის აწყობას იწყებს. გიგანტური ხომალდის სიგრძე რაკეტა-მატარებელ Super Heavy-სთან ერთად 118 მეტრია. Starship-ის გამოცდა Space X-ის დამფუძნებელს 2019 წელსვე სურს. ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენად  მოახერხებს Space X-ის გუნდი მოკლე ვადაში ამ რთული ამოცანის შესრულებას. მასკს ამ რაკეტასთან დაკავშირებით გრანდიოზული გეგმები აქვს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა, პირველი უპილოტო გაფრენა მარსზე 2022 წლისთვის უნდა შედგეს, 2024 წელს კი რაკეტამ წითელ პლანეტაზე ადამიანი უნდა გადაიყვანოს

კომენტარები

ბოლო ამბები