Thumbnail

ბრიტანეთში ყველა ახალ სახლს ელექტრომობილის დასამუხტი პუნქტი ექნება

  • ინიციატივის ავტორი დიდი ბრიტანეთის მთავრობაა
  • დიდი ბრიტანეთი ელექტრომობილების რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილს იკავებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა სამშენებლო ნორმების განხილვის დროს ახალი ინიციატივით გამოვიდა. მთვარობას სურს ყველა ახალ საცხოვრებელ კორპუსში ელექტრომობილის დასამუხტი პუნქტი გაიხსნას. ბრიტანეთის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ელექტრომობილების პოპულარობას ქვეყანაში კიდევ უფრო გაზრდის. დიდ ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის კრის გრეილინგის განცხადებით:

დასამუხტი პუნქტი სახლში ელექტრომობილის მფლობელისთვის პრაქტიკულიც იქნება და იაფიც. თქვენ მარტივად შეძლებთ საკუთარი ელექტრომობილი ღამით მობილური ტელეფონის მსგავსად დამუხტოთ. გარდა ამისა, მთავრობას სურს ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების რაოდენობა ქვეყანაში უახლოეს პერიოდში რამდენჯერმე გაიზარდოს. 2020 წლის გაზაფხულისთვის ყველა სადგურზე შესაძლებელი იქნება საფასურის საკრედიტო ბარათით გადახდა.

ახალი ინიციატივა გრძელვადიანი გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც დიდმა ბრიტანეთმა შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ტრანსპორტის გამოყენებაზე საბოლოოდ უარი უნდა თქვას. ბრიტანეთში ბენზინე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების რეალიზაცია 2040 წლისთვის უნდა შეჩერებულიყო. თუმცა ბრიტანეთის მთავრობას სურს ამ გეგმასაც გადახედოს და შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ტრანსპორტის გაყიდვა ქვეყანაში 2035 ან 2030 წელს აკრძალოს. 

დიდი ბრიტანეთი, რომლის მოსახლეობაც 67 მილიონს აღემატება, ევროპის ქვეყნებს შორის ელექტრომობილების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს.  ბრიტანეთი ელექტრომობილების რაოდენობით უსწრებს საფრანგეთს, გერმანიას და ჰოლანდიას, თუმცა ჩამორჩება ნორვეგიას, რომელიც ამ სეგმენტში ევროპაში ლიდერია. 2018 წელს დიდ ბრიტანეთში 212 ათასი ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული. შედარებისთვის, ნორგევიაში, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 5 მილიონ 300 ათასია, 296 ათასი ელექტრომობილია. 

კომენტარები

ბოლო ამბები