Thumbnail

ჩრდილოეთ კაროლინაში ვაკუუმური მატარებლის ხაზის გაყვანას აპირებენ

  • მატარებლის ხაზმა ერთმანეთთან შტატის სამი ქალაქი უნდა დააკავშიროს
  • მომავალში მარშრუტი შესაძლოა აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონამდე დაგრძელდეს

კომპანია Virgin Hyperloop One და ჩრდილოეთ კაროლინის შტატის რეგიონული სატრანსპორტო ალიანსი ერთობლივ პროექტზე  მუშაობენ, რომლის მიზანია შტატის ტერიტორიაზე  ფუტურისტული ვაკუუმური ტრანსპორტის ამოქმედება.  საუბარია ჩრდილოეთ კაროლინის სამი ქალაქის: როლის, დარემის და ჩაპელ ჰილის ერთმანეთთან დაკავშირებაზე.

Hyperloop მატარებელი-კაფსულაა, რომელიც მაღალი სიჩქარით ვაკუუმური მილების მეშვეობით გადაადგილდება. მისი სავარაუდო სიჩქარე საათში 670 მილი იქნება (1078 კმ/სთ). შტატის იმ ნაწილში, სადაც მატარებლის მარშრუტი გაივლის ჩრდილოეთ კაროლინის უმაღლესი სასწავლებლები, სამედიცინო ცენტრები და დიდი კერძო კომპანიების ოფისებია განლაგებული. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მარშრუტი შტატისთვის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება.

იმისათვის, რომ პროექტზე მუშაობა დაიწყოს საჭიროა ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ტრანსპორტის დეპარტამენტის ნებართვა. როგორც გაირკვა, უწყება არა მხოლოდ დაინტერესებულია ამ იდეით, არამედ მისი მასშტაბის გაზრდის  ინიციატივითაც გამოდის. შტატის ტრანსპორტის დეპარტამენტს სურს, რომ მარშრუტი ჩრდილოეთ კაროლინის უდიდეს ქალაქ შარლოტამდე დაგრძელდეს. სამომავლოდ კი ვაკუუმური მატარებლის ხაზი შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონამდე მივიდეს. 

ამ ეტაპზე  Virgin Hyperloop One ტექნოლოგიების სერტიფიცირებაზე მუშაობს, რასაც სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ შესაბამის ნებართვას 2023 წელს მიიღებენ, ფუტურისტული სატრანსპორტო ხაზის გახსნას კი 2029 წლისთვის შეძლებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები