Thumbnail

Lotus Evija- ყველაზე მძლავრი სპორტული ელექტრომობილი

  • Lotus Evija-ს 2 000 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნია
  • ბრიტანული კომპანია ამ მოდელის 130 ავტომობილს გამოუშვებს

სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია Lotus-ს 2008 წლის შემდეგ, როდესაც Lotus Evora წარმოადგინა, ახალი ავტომობილი არ გამოუშვია. ამ პერიოდში ბრიტანული კომპანია ძირითადად უკვე არსებული ავტომობილების მოდიფიკაციით იყო დაკავებული. 11 წლიანი პაუზის შემდეგ Lotus-მა ახალი მოდელი წარმოადგინა, რომელსაც პრეტენზია აქვს გახდეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ავტომობილი.

Lotus Evija ელექტრომობილია. ავტომობილის ოთხ ელექტროძრავს 2000 ცხენის ძალის სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. 100 კილომეტრის სისწრაფის განვითარებისთვის Evija-ს სამი წამი სჭირდება, 200 კმ/სთ-სთვის კი  6 წამი. ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია. 

ელექტრომობილის 100 პროცენტით დასამუხტად 18 წუთია საჭირო. ბრიტანულ კომპანიაში აცხადებენ, რომ დასამუხტი სადგურების სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში Evija-ს სრული დამუხტვისთვის 9 წუთიც ეყოფა. დამუხტვის შემდეგ ავტომობილი 400 კილომეტრს გაივლის. Evija მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი ელექტრო ჰიპერკარია. ელექტრომობილი 1650 კილოგრამს იწონის ავტომობილს არ აქვს უკანა სარკეები. მათ ნაცვლად კომპაქტური კამერებია დამონტაჟებული, რომლებიც გამოსახულებას სალონში გადასცემენ. 

Evija კომპანია Williams Advanced Engineering-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ელექტრომობილის წარმოება 2020 წელს დაიწყება. ბრიტანული კომპანია მხოლოდ 130 ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. Lotus Evija-ს ღირებულება 1,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ინგლისელმა ჟურნალისტმა ჯერემი კლარკსონმა Lotus-ის ელექტრომობილს მაღალი შეფასება მისცა.

კომენტარები

ბოლო ამბები