Thumbnail

FaceApp: აშშ-ის კონგრესის წევრი FBI-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

  • კონგრესმენი FBI-ს FaceApp-ის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს
  • FaceApp ბრალდებებს უარყოფს

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი FBI-ს აპლიკაცია FaceApp-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. აპლიკაცია, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, ფოტოს ატვირთვით დაადგინონ, თუ როგორები იქნებიან ისინი სიბერეში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერნეტ მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარულობით სარგებლობს. 

კონგრესმენის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ მისთვის შემაშფოთებელია აპლიკაციის მეშვეობით ამერიკის მოქალაქეების პირადი მონაცემების “უცხო, მტრული ძალების ხელში ჩაგდება”. აპლიკაცია FaceApp რუსული კომპანია იანდექსის მობილური პლატფორმის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, იაროსლავ გონჩაროვის ხელმძღვანელობით შეიქმნა. სწორედ ამიტომ შუმერი ფიქრობს, რომ მოქალაქეების პირად მონაცემებს რუსული სპეცსამსახურები გამოიყენებენ. 

FaceApp უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია მომხმარებლების პირად მონაცემებს არაკანონიერად გამოიყენებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ მხოლოდ მომხმარებლის მიერ ატვირთულ კონკრეტულ ფოტოზე აქვთ წვდომა, რომელიც აპლიკაციის სერვერზე სამუდამოდ არ ინახება. "ფოტოები სერვერებიდან ატვირთვიდან 48 საათში იშლება." - ნათქვამია განცხადებაში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა სხვა პირად მონაცემებთან ერთად საკუთარი ფოტოებიც დაიცვან და მასზე წვდომა საეჭვო აპლიკაციებს არ გადასცენ.

კომენტარები

ბოლო ამბები