Thumbnail

„ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისათვის, მაგრამ უდიდესი ნახტომი კაცობრიობისათვის“- ნილ არმსტრონგი (პირველი ადამიანი მთვარეზე)

  • აპოლონ 11-ის მიზანი

აპოლოს მისიის მიზანი ჯერ კიდევ 1961 წელს პრეზიდენტმა ჯ. კენედიმ  შემდეგი სიტყვებით  დასახა:  „მიმდინარე ათწლეულის დასასრულამდე ჩვენ უნდა შევძლოთ პილოტირებული მისიის დაშვება მთვარის ზედაპირზე და შემდეგ მისი უსაფრთხო დაბრუნება უკან დედამიწაზე“. ფრენის შემდგომ ამოცანას კი სამეცნიერო დანიშნულება გააჩნდა, რომელიც ასტრონავტებს უნდა განეხორციელებინათ. დაიგეგმა შემდეგი სამეცნიერო აქტივობები: მზის ქარის შემადგენლობის ექსპერიმენტული კვლევა, მთვარის სეისმოლოგია და ლაზერული ამრეკლავების ანუ ე.წ „რეტრორეფლექტორების“ მონტაჟი მთვარის ზედაპირზე.

აპოლო 11 -ის ხომალდმა წინასწარი, 2.5 საათიანი დეტალური შემოწმების შემდეგ სტარტი აიღო ფლორიდიდან, ჯ. კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 1969 წლის 16 ივლისს, მსოფლიო დროით 13:32 წუთზე, სამ საფეხურიან რაკეტამატარებელ სატურნ V-ის მეშვეობით. აპოლო 11-ის „ბორტზე“ იმყოფებოდნენ ასტრონავტები: აერონავტიკის ინჟინერი, შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავი, ხომალდის მეთაური ნილ არმსტრონგი (Neil Armstrong), შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავი-გამომცდელი, სამეთაურო მოდულის (CM) პილოტი მაიკლ კოლინზი (Michael Collins) და შეერთებული შტატების სამხედრო მფრინავი, ბორტ ინჟინერი, მთვარის მოდულის (LM) პილოტი ედვინ „ბაზ“ ოლდრინი (Edwin "Buzz" Aldrin).

მარცხნიდან მარჯვნივ: ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი და ბაზ ოლდრინი, გადიან ფინალურ საკომუნიკაციო შემოწმებებს  აპოლო 11-ის ბორტზე ასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე

 

მარცხნიდან მარჯვნივ: ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი, ბაზ ოლდრინი
  • ასტრონავტების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები

ნილ არმსტრონგი (Neil Alden Armstrong)- დაიბადა 1930 წლის 5 აგვისტოს, ქალაქ ვაპაკონეტაში, (ოჰაიოს შტატი, ა.შ.შ), ავიაციისადმი დიდი ინტერესი მას ბავშობაში გაუჩნდა, როდესაც 6 წლის ასაკში მამამ მცირე ზომის (Ford Trimotor-ის ტიპის) სამგზავრო თვითმფრინავით პირველად „გაასეირნა ჰაერში“. პატარა ნილი ფრენით იმდენად მოიხიბლა, რომ მიზნად დაისახა სამომავლოდ მფრინავი გამხდარიყო. თვითმფრინავების მოდელებს  ხისა და სხვადასხვა მასალისაგან ამზადებდა,  ცდილობდა დამოუკიდებლად გაეღრმავებინა ცოდნა აერონავტიკაში. 15 წლის არმსტრონგი ქ. ვაპაკონეტას აეროპორტის საავიაციო სასწავლებელში ფრენის კურსებს ესწრებოდა, ხოლო უკვე 16 წლისამ მფრინავის ლიცენზია აიღო ( უფრო ადრე, ვიდრე ავტომობილის მართვის მოწმობას აიღებდა).

1947 წელს არმსტრონგი პერდიუს უნივერსიტეტის კოლეჯში (ა.შ.შ) აერონავტიკის ინჟინერიას სწავლობდა, როდესაც ორი წლით გაიწვიეს სამხედრო საზღვაო ძალების ფლოტში, რა დროსაც მან მონაწილეობა მიიღო 78-ე სამხედრო მისიაში კორეის ომის დროს. 1952 წელს ნილი კოლეჯში დაბრუნდა, სწავლა დაასრულა და დაეუფლა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს აერონავტიკიაში, ხოლო შემდგომ, აეროკოსმოსური კვლევების მაგისტრის ხარისხიც დაიცვა.

1955 წელს არმსტრონგმა მუშაობა დაიწყო „შეერთებული შტატების აერონავტიკის ნაციონალურ კომიტეტში“, რომელიც წარმოადგენდა ნასას წინამორბედ ორგანიზაციას (US National Advisory Committee for Aeronautics(NACA)), როგორც სხვადასხვა მოდიფიკაციის მაღალსიჩქარიანი თვითმფრინავების მფრინავმა-გამომცდელმა.

ნილ არმსტრონგი 1960 წელს

1962 წელს არმსტრონგი ნასას ასტრონავტი გახდა, ხოლო 1966 წელს პირველად შეასრულა ფრენა კოსმოსში პროექტ „ჯემინი 8“ -ის (Gemini 8) ხომალდით.

პროექტი ჯემინი (Project Gemini) ნასამ განახორციელა, პროექტ - მერკურისა და აპოლოს შორის და მის მთავარ მიზანს, ასტრონავტების პრაქტიკული გამოცდილების მიღება და ღია კოსმოსში ხომალდების შეპირისპირების (შეერთების) ტექნიკის დახვეწა წარმოადგენდა.

ედვინ „ბაზ“ოლდრინი (Edwin Eugene Aldrin, Jr) - დაიბადა 1930 წლის 20 იანვარს, ქალაქ მონტკლერში (ნიუ-ჯერსის შტატში, ა.შ.შ). მეტსახელი „ბაზ“- (Buzz) თავისმა პატარა დამ შეარქვა, რომელიც ვერ ახერხებდა სწორად წარმოეთქვა სიტყვა-ძმა, (ინგლისურად „brother“) და მას “buzzer”-ს ეძახდა, ხოლო შემოკლებით კი “Buzz”-ს. ოლდრინის მამა ა.შ.შ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ავიატორი იყო, რამაც უდიდესი როლი ითამაშა მის სამომავლო კარიერაზე. მას დიდი სურვილი ჰქონდა მამის პროფესიას დაუფლებოდა.

ბაზ ოლდრინი

1951 წელს ბაზ ოლდრინმა დაამთავრა ა.შ.შ-ს სამხედრო აკადემია ( U.S. Military Academy at West Point) ავიაციის ინჟინრის სპეციალობით და შემდეგ ა.შ.შ-ს სამხედრო საჰაერო ძალების პილოტი გახდა. ამ პერიოდში მან (ისევე როგორც არმსტრონგმა) მონაწილეობა მიიღო 66-ე სამხედრო საავიაციო მისიაში კორეის ომის დროს. ომის შემდეგ 1953 წელს, ოლდრინმა სწავლა გააგრძელა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, (Massachusetts Institute of Technology) სადაც დაიცვა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი აერონავტიკაში.

1963 წელს ე. ოლდრინი ნასას მიერ იყო შერჩეული, როგორც სათადარიგო ასტრონავტი კოსმოსში პიონერული ფრენებისათვის. ბაზ ოლდრინმა პირველად 1966 წელს იფრინა კოსმოსურ სივრცეში პროექტ „ჯემინი -12“ ხომალდით, რა დროსაც ხომალდის გარეთ, ღია კოსმოსში ასტრონავტის აქტიური მუშაობის (Extravehicular activity (EVA))  ხანგრძლივობის რეკორდი მოხსნა

მაიკლ კოლინზი (Michael Collins) - დაიბადა იტალიაში, ქალაქ რომში, 1930 წლის 30 ოქტომბერს. მისი მამა ა.შ.შ-ს სამხედრო ოფიცერი იყო, რომელიც იმ დროსათვის მივლინებული იყო იტალიაში. მას შემდეგ, რაც ა.შ.შ  მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო, კოლინზების ოჯახი ვაშინგტონში დაბრუნდა. მაიკლი სწავლობდა სენტ-ოლბანსის სკოლაში, 1952 წელს კი დაამთავრა ა.შ.შ-ს სამხედრო აკადემია (West Point Military Academy) და დაეუფლა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ავიაციაში. იმავე წელს მუშაობა დაიწყო შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებში (კალიფორნია), როგორც სხვადასხვა მოდიფიკაციის რეაქტიული თვითმფრინავების მფრინავ-გამომცდელმა.

მაიკლ კოლინზი

1963 წელს მაიკლ კოლინზი შეუერთდა ნასას კოსმოსურ პროგრამას, ხოლო 1966 წლის 18 ივლისს განხორციელდა მისი პირველი ფრენა კოსმოსში „ჯემინი 10“ ხომალდით. ამ ფრენის მიზანი კოსმოსში ხომალდების შეპირისპირების ტექნიკის დახვეწა, ფრენის ორბიტის სიმაღლეთა ცვლილება და ასტრონავტების ღია კოსმოსში მუშაობის ადაპტაცია იყო.

  • ხომალდის ტექნიკური მხარე

აპოლო 11-ის დიზაინში მხოლოდ მცირე ტექნიკური ცვლილებები შევიდა, მის წინამორბედ აპოლო 10-თან შედარებით. ეს ცვლილებები ძირითადად მთვარის მოდულს შეეხო. კერძოდ, მას დაემატა მთვარის ზედაპირზე დაგეგმილი ექსპერიმეტებისათვის საჭირო დანადგარებისა და იარაღებისათვის განკუთვნილი ტვირთთა ნაკრები -“Modular Equipment Storage Assembly (MESA)”.

1969 წლის 16 ივლისი. ფლორიდა, აპოლო 11-ის სტარტი მთვარისაკენ

აპოლოს ხომალდი თავის მხრივ სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: 1. სამეთაურო (CM) მოდულისაგან, რომლის სიგრძე ̴3,6 მეტრი, ხოლო დიამეტრი ̴3 მეტრი იყო. მოდულს ბლაგვი კონუსისური ფორმა გააჩნდა და სამივე ასტრონავტი მასში იყო განთავსებული. ამავე მოდულიდან ხდებოდა ხომალდის მართვაც. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სამეთაურო მოდული წარმოადგენდა მთელი ხომალდის იმ ერთადერთ ნაწილს, რომელიც ექსპედიციის შემდეგ ბრუნდებოდა უკან დედამიწაზე. 2. ცილინდრული ფორმის სერვის მოდული (SM), სიგრძით ̴6,8 მეტრი, რომელიც უკნიდან ეყრდნობოდა სამეთაურო მოდულს და ამარაგებდა მას ელექტროენერგიით, ჟანგბადით და წყლით. მასზე იყო განლაგებული მცირე სამანევრო ძრავებიც. 3. მთვარის მოდული (LM), რომელიც თავის მხრივ ორი ქვედა და ზედა ნაწილისგან შედგებოდა. ქვედა ნაწილი უშუალოდ მთვარეზე დასაჯდომად გამოიყენებოდა, ხოლო ზედა ნაწილის მეშვეობით ასტრონავტებს უნდა დაეტოვებინათ მთვარის ზედაპირი და დაბრუნებულიყვნენ მთვარის ორბიტაზე.

აპოლოს კოსმოსური ხომალდი და მისი მოდულები მთვარის ორბიტაზე.

სტარტის დროს, აპოლოს სამივე  მოდული განთავსებული იყო სამ საფეხურიან რაკეტამატარებელ სატურნ V-ის წინა ნაწილში, რომელიც სტარტიდან რამდენიმე წუთში წარმატებით გავიდა ̴185 კმ. სიმაღლის საწყის გეოცენტრულ ორბიტაზე.

რაკეტამატარებლის კოსმოსში გასვლის შემდე, აპოლო 11 -ის ხომალდი გამოეყო მას და ასტრონავტებთან ერთად დაიწყო მოგზაურობა ̴11.2 კმ/წმ სიჩქარით მთვარისაკენ, წინასწარ გამოთვლილი მკაცრი ტრაექტორიის გასწვრივ. მთვარისაკენ მოგზაურობისას, ტელევიზიით ხომალდიდან ხშირად გადმოიცემოდა ასტრონავტების პირდაპირი ვიდეორეპორტაჟები. მაყურებელი ისმენდა მათ საუბრებს ფრენისას მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ.

დედამიწის ფოტო, რომელიც აპოლო 11-ის ასტრონავტებმა გადაიღეს

მთვარემდე ფრენა დაახლოებით სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. უკვე 19 ივლისს აპოლო 11 მთვარის უკანა მხარეს მოექცა. ასტრონავტებთან  რადიოკონტაქტი მთვარის მიერ დედამიწასთან პირდაპირი ხედვის დაფარვის გამო დროებით შეწყდა. ხომალდი ნელნელა გადადიოდა მთვარის ზედაპირიდან ( ̴111კმ. დან 305 კმ-მდე) სიმაღლის რეტროგრადიულ (მთვარის ბრუნვის საწინაამღდეგო), ელიფსურ ორბიტაზე.

სტაბილური ორბიტის მიღწევისას სამეთაურო და მთვარის მოდულების „ჩახსნის“ წინ არმსტრონგი და ოლდრინი გადავიდნენ მთვარის მოდულში, ხოლო კოლინზი დარჩა სამეთაურო მოდულში მთვარის ორბიტაზე, იმ მიზნით, რომ ასტრონავტების უკან დაბრუნების შემდეგ მათ მოდულების (LM და CM) შეპირისპირებაში დახმარებოდა. არმსტრონგმა და ოლდრინმა (LM) მოდულით მთვარეს 13 - ჯერ შემოუფრინეს და სპირალურად, ნელნელა მიუახლოვდნენ მის ზედაპირს, სათანადო სიმაღლის მიღწევის შემდეგ კი ფრთხილად დაიწყეს დაშვება „სიმშვიდის ზღვაში“, დანიშნულების ადგილიდან ოდნავ მოშორებით.

მსოფლიოს ფართო აუდიტორიისათვის მთვარის მოდულ „არწივზე“ (Eagle) დამაგრებული ტელეკამერით პირდაპირი ეთერით გადმოიცემოდა ვიდეორეპორტაჟი თუ როგორ დაეშვა „არწივი“ მთვარის ზედაპირზე.

მაიკლ კოლინზი

აღსანიშნავია, ის ფსიქოლოგიური განცდა, რაც ასტრონავტმა მაიკლ კოლინზმა განიცადა მთვარის ორბიტაზე, სამეთაურო მოდულში მარტო დარჩენის დროს. ცნობილია მისი სიტყვები, როდესაც  მარტო მთვარის უკანა მხარეს იმყოფებოდა, დედამიწიდან ყველაზე შორეულ წერტილში - „მე ახლა მარტო ვარ, ჭეშმარიტად მარტო, იზოლირებული ყოველი ცნობილი ცოცხალისაგან, მე აქ ვარ და თუ ადამიანებს დათვლით, სამი მილიარდი გამოვა და პლუს კიდევ ორი, რომლებიც მთვარის წინა მხარეს არიან და კიდევ მე, ერთი, რომელიც მხოლოდ ღმერთმა თუ იცის, რომ აქ ვარ“. გასაგებია, რომ აპოლონ 11 -ის მისიის ასტრონავტებს დიდი ფსიქოლოგიური სიძლიერე მოეთხოვებოდათ. მათ კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული, რომ ისეთ ნაბიჯს დგამდნენ, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველი იქნებოდა. ისიც ცნობილია, რომ თუ არმსტრონგი და ოლდრინი ვერ შეძლებდნენ მთვარის ზედაპირიდან აფრენას, მაიკლ კოლინზს ბრძანება ჰქონდა დაეტოვებინა ისინი და დაბრუნებულიყო დედამიწაზე. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში შეერთებული შტატების პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს (Richard Milhous Nixon) შესაბამისი გამოსვლაც კი ჰქონდა წინასწარ მომზადებული.

 

  • მისიის წარმატება
ნილ არმსტრონგი -პირველი ადამიანი მთვარეზე. 1969 წლის 20 ივლისი
ბაზ ოლდრინი მთვარის ზედაპირზე ეშვება
ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი მთვარის ზედაპირზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშას აღმართავენ. ფოტო გადაღებულია მთვარის მოდულზე დამონტაჟებული კინოკამერის მიერ

„არწივის“ ურთულესი, მაგრამ წარმატებული დაშვების შემდეგ, ხომალდის მეთაურმა ნილ არმსტრონგმა პირველმა დააბიჯა მთვარის ზედაპირზე 1969 წლის 20 ივლისს 20:17 წუთზე მსოფლიო დროით და წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: „ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისათვის, მაგრამ უდიდესი ნახტომი კაცობრიობისათვის“. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ  არმსტრონგს მთვარეზე ბაზ ოლდრინიც შეუერთდა. მათ ერთად აღმართეს შეერთებული შტატების დროშა, რის შემდეგაც შეუდგნენ დასახული სამეცნიერო ამოცანების განხორციელებას. ოლდრინმა  ყველა სამეცნიერო აღჭურვილობა მთვარის ზედაპირზე განათავსა. მთვარის მოდულიდან დაახლოებით 9 მეტრის მანძილზე დამონტაჟებული ვიდეო კამერა კი პირდაპირი ეთერით გადმოცემდა ასტრონავტების მოძრაობებსა და მათ აქტივობებს.

ბაზ ოლდრინს მთვარის მოდულიდან სამეცნიერო აღჭურვილობა გადმოაქვს
ბაზ ოლდრინი სამეცნიერო აღჭურვილობით
ბაზ ოლდრინის გვერდით მოჩანს: მთვარის სეისმურობის საექსპერიმენტო დანადგარი, ასევე კადრში ჩანს ლაზერის ამრეკლავი რეტრორეფლექტორი, აშშ-ის დროშა, სატელევიზიო კამერა, აპოლოს მთვარის ზედაპირის ახლოხედის კამერა და მთვარის მოდული (LM) „არწივი“

ასტრონავტების დაშვებიდან ნახევარი საათის შემდეგ მათ სატელეფონი კავშირზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ჩაერთო. ასტრონავტებმა მთვარეზე სამახსოვრო მედალიონი დატოვეს რომელზეც აპოლო 1-ის და იმ კოსმონავტების გვარები იყო ამოტვიფრული, რომლებიც  კოსმოსური მისიების შესრულების დროს დაიღუპნენ. მედალიონზე ასევე აღნიშნული იყო ნასას თანამშრომლების გვარები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს აპოლოს მისიის წარმატებაში.

ნილ არმსტრონგის მიერ გადაღებული მთვარის ზედაპირი
მთვარის მოდული. ფოტო გადაღებულია ნილ არმსტრონგის მიერ
ბაზ ოლდრინის ნაკვალევი მთვარეზე

ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა მთვარის ზედაპირზე 21 საათი და 26 წუთი დაჰყვეს და შემდეგ (LM) მოდულში დაბრუნდნენ. მთვარის ზედაპირიდან ასაფრენად მათ „არწივის“ მოდულის ზედა ნაწილი გამოიყენეს. ისინი წარმატებით გავიდნენ მთვარის ორბიტაზე და შეუერთდნენ სამეთაურო ხომალდს, სადაც მაიკლ კოლინზი იმყოფებოდა.

მთვარე და მთვარის მოდული,  ფონზე მოჩანს დედამიწა. ფოტო გადაღებულია მაიკლ კოლინზის მიერ

სამეთაურო ხომალდში დაბრუნების შემდეგ, მთავარი ძრავის ჩართვამდე, ასტრონავტებმა ჩახსნეს მთვარის მოდული და დაიწყეს მოძრაობა დედამიწისაკენ მიმართული ტრაექტორიით. სამდღიანი ფრენის შემდეგ, სამეთაურო ხომალდი 1969 წლის 24 ივლისს შემოიჭრა დედამიწის ატმოსფეროში და პარაშუტებით, უსაფრთხოდ დაეშვა წყნარ ოკეანეში, სადაც ასტრონავტებს ნასას სამაშველო ჯგუფები ელოდებოდნენ.

აპოლო 11 -ის სამეთაურო მოდულის დაშვება წყნარ ოკეანეში, 24 ივლისი 1969 წ.

აპოლო 11-ის მისიის წარმატებით დასრულებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირთან კოსმოსურ შეჯიბრში უდიდესი უპირატესობა მიიღო. ნასამ დაამტკიცა შეერთებული შტატების მეცნიერებისა და ტექნიკის სწორი განვითარება. აპოლოს პროგრამის ფარგლებში დაისახა შემდგომი, უფრო რთული და საინტერესო მისიები მთვარის ზედაპირზე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი აპოლო 11-ის მისიის ასტრონავტებს ხვდება

აპოლოს პროგრამის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე დაშვება ექვსმა  პილოტირებულმა მისიამ შეძლო. ამ მისიებმა მეცნიერებს ფასდაუდებელი მასალა მიაწოდეს დედამიწის თანამგზავრის შესახებ.

კომენტარები

ბოლო ამბები