Thumbnail

ინსტაგრამი მოწონებების რაოდენობის დამალვის ფუნქციას ცდის

  • ფუნქციის გამოცდა ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს
  • ინსტაგრამის მიზანი "მოწონებების დაგროვებისგან გამოწვეული წნეხის შემცირებაა"

ინსტაგრამმა პლატფორმაზე "ლაიქების" რაოდენობის დამალვის ფუნქციის გამოცდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იაპონიასა და ავსტრალიაში დაიწყო. სიახლის მიზანია, მომხმარებლებს ჰქონდეთ არჩევანი, პლატფორმა აქციონ ფოტოალბომად, სადაც აქცენტი მოწონებების რაოდენობის მაგივრად განთავსებული კონტენტის შინაარსზე გაკეთდება. ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, ფოტოსა თუ ვიდეოზე მოწონებების რაოდენობის ნახვას მხოლოდ პოსტის ავტორი შეძლებს. ამ დრომდე ინსტაგრამის პოსტის მოწონებების რაოდენობა პოსტზე წვდომის მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის იყო ხილვადი.

ინსტაგრამის თანახმად, მოწონებების რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ადამიანის თვითშეფასებაზე და არასრულფასოვნების შეგრძნება გაუჩინოს მათ. კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი ფუნქციით სწორედ აღნიშნულ “წნეხს შეამცირებენ”.

“ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შევამციროთ მოწონებების დაგროვებისგან გამოწვეული წნეხი, რათა მეტი აქცენტი განთავსებული კონტენტის შინაარსზე გაკეთდეს.” - ინსტაგრამი

იმ შემთხვევაში, თუკი პლატფორმაზე ახალი ფუნქცია მართლაც გამოჩნდება, ეს ინსტაგრამისთვის რადიკალური ცვლილება იქნება, რადგან ამ დროისთვის მოწონებების რაოდენობა პლატფორმაზე ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია, რის გამოც მომხმარებლების მიერ პლატფორმაზე განსათავსებელი პოსტების შინაარსის განსაზღვრის დროს გადამწყვეტ როლს მისი შინაარსის მაგივრად სწორედ ის თამაშობს, თუ რამდენ მოწონებას დაიმსახურებს ის.

კომენტარები

ბოლო ამბები