Thumbnail

გაფართოებული რეალობა კოსმოსში - Nasa Microsoft-თან წარმატებით თანამშრომლობს

  • AR დედამიწის ფარგლებს გარეთაც ეფექტურად მუშაობს
  • ტექნოლოგია კოსმოსური ხომალდების ასაშენებლადაც გამოიყენება

გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეების არამიზნობრივად გამოყენების საფრთხის გამო ტექნოლოგია მომხმარებლებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია, თუმცა ის აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის მედიცინაში, დიზაინში, განათლებასა და ინჟინერიაში. 2015 წლიდან ტექნოლოგია დედამიწის საზღვრებსაც გასცდა - გაფართოებული რეალობის სათვალეებს ასტრონავტები კოსმოსური მისიის ფარგლებში აქტიურად იყენებენ.

"HoloLens-ი და ვირტუალური რეალობის სხვა მოწყობილობები კოსმოსის მკვლევარებს ახალ, შთამბეჭდავ შესაძლებლობებს სთავაზობს.” - NASA

როგორ გამოიყენება გაფართოებული რეალობა კოსმოსში?

კოსმოსური მისიის წევრები აქტიურად იყენებენ HoLolens-ის “Remote Expert” რეჟიმს - სათვალის დახმარებით ასტრონავტები კოსმოსური ცენტრის ტექნიკური ჯგუფის ექსპერტებს Skype-ის საშუალებით უკავშირდებიან, რომლებიც ასტრონავტის ხედს ეკრანზე რეალურ დროში ხედავენ და რჩევებს შესაბამისად გასცემენ.

იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ ჯგუფის არცერთი წევრი ხელმისაწვდომი არ არის, სათვალის გამოყენება შესაძლებელია Procedure რეჟიმშიც. ამ შემთხვევაში ასტრონავტი საჭიროების შემთხვევაში სისტემაში წინასწარ ჩატვირთული ანიმაციური, ჰოლოგრაფიული ილუსტრაციების თანახმად ხელმძღვანელობს.

ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება დედამიწიდან გაუსვლელად კოსმოსის შესასწავლადაც - NASA-მ HoLolens-ის გამოყენებით კენედის კოსმოსური ცენტრისთვის მარსის ვირტუალური რეალობის ტური "Destination: Mars" შექმნა, რომლის გიდი Apollo 11 მისიის მთვარის მოდულის პილოტი ბაზ ოლდრინია. მარსის გაფართოებული რეალობის გამოსახულება Curiosity Mars Rover-ის მიერ გადაღებული ფოტოებითაა შექმნილი.

გაფართოებული რეალობა კოსმოსური ხომალდის კონსტრუირებისთვისაც გამოიყენება. მაგალითად, კონსტრუქტორებმა AR სათვალით შექმნეს კოსმოსური ხომალდი Orion, რომელსაც 1500 გვერდიანი ინსტრუქცია ახლავს თან, თუმცა HoLolens-ის დახმარებით ინჟინერებს აღარ უწევდათ მასში თითოეული დეტალის მოძიება - სათვალე კონსტრუქციის აწყობის პარალელურად საჭირო ინფორმაციას ავტომატურად აგენერირებს და შესაბამის ინსტრუქციას ვიზუალურადაც გამოხატავს, რაც სამუშაო დროს საგრძნობლად ამცირებს. ამ მეთოდით 8 საათიანი სამუშაო 15 წუთში სრულდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები