Thumbnail
  • Hyperloop-ის კონკურსის ორგანიზატორი და დამფინანსებელი ილონ მასკია
  • კონკურსის მიზანი ვაკუუმური მატარებლის პროექტისთვის ოპტიმალური პროტოტიპის შექმნაა

Hyperloop ვაკუუმური მატარებლის პროექტია, რომლის შექმნის იდეაც 2013 წელს ილონ მასკს გაუჩნდა. ამ ეტაპზე პროექტი სრულად რეალიზებული არ არის. ლოს ანჯელესის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მასკის The Boring Company-მ ორ კილომეტრამდე გვირაბი გაიყვანა.კომპანიისთვის პირველ მასშტაბურ პროექტად ბალტიმორის და ვაშინგტონის დამაკავშირებელი 57 კილომეტრიანი გვირაბი შეიძლება გახდეს. თუმცა ფუტურისტული ვაკუუმური ტრანსპორტი ამ დრომდე არ შექმნილა.

უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა ტექნოლოგიური უნივერსიტეტების სტუდენტები ერთმანეთს სწრაფი სატრანსპორტო საშუალების შექმნაში ეჯიბრებიან. Hyperloop მატარებელი-კაფსულაა, რომელიც მაღალი სიჩქარით ვაკუუმური მილების მეშვეობით გადაადგილდება. იმისათვის, რომ გუნდმა პირველი ადგილი დაიკავოს მის მიერ შემუშავებულმა აპარატმა 1,6 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი მაქსიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ უნდა გაიაროს. ამ კონკურსს თავად ილონ მასკი აფინანსებს. კონკურსის იდეაა შეიქმნას ისეთი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც შემდგომში პროექტის განხორციელების დროს გამოიყენებენ. სტუდენტური გუნდების შეჯიბრი კალიფორნიაში, Space X-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი 21-მა გუნდმა გამოთქვა, თუმცა საბოლოოდ ორგანიზატორებმა მხოლოდ 4 კაფსულა შეარჩიეს. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს: EPHL Hyperloop-მა (შვეიცარია), Swissloop-მა (შვეიცარია), Delft Hyperloop-მა (ჰოლანდია) და TUM Hyperloop-მა (გერმანია). საბოლოოდ გამარჯვებული გასული წლის მსგავსად გერმანული გუნდი გახდა. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის კაფსულამ 463 კმ/სთ-ის სიჩქარე განავითარა და შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა ( 2018 წელს TUM Hyperloop-ის რეკორდი 457 კმ/სთ იყო). 

ილონ მასკის განცხადებით 2020 წელს Hyperloop Pod Competition-ის კონკურსის პირობები მნიშვნელოვნად გართულდება. გვირაბის სიგრძე, სადაც კაფსულის გამოცდა მოხდება, 9,7 კილომეტრამდე დაგრძელდება, ამავე დროს მარშრუტის ერთი მონაკვეთი ოდნავ მოხრილი იქნება. ასე, რომ სტუდენტებს პროტოტიპების მანევრირების გაზრდისათვის და უსაფრთხოებისათვის დამატებითი ძალისხმევა დასჭირდებათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები