Thumbnail

აპოლო 11-ის მისიის ორიგინალი ჩანაწერი თითქმის ორ მილიონ დოლარად გაიყიდა

  • ფირი 1976 წელს NASA-ს სტაჟიორმა 217 დოლარად იყიდა
  • ჩანაწერის ხანგრძლივობა 2 საათი და 24 წუთია

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ადამიანის მთვარეზე დაშვების 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა, Sotheby's-ის აუქციონზე აპოლო 11-ის მისიის ორიგინალი ვიდეო ჩანაწერი გაიყიდა. ისტორიული მისიის ამსახველ ვიდეო მასალაში მილიონ 820 ათასი დოლარი გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ ამ ფირის მფლობელს 1976 წელს მასში 8 ათასჯერ ნაკლები ჰქონდა გადახდილი.

1969 წლის 20 ივლისს ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დადგეს დედამიწის თანამგზავრზე. ეპოქალურ მოვლენას კომპანია Westinghouse-ის კამერა აფიქსირებდა, რომელიც სპეციალურად ამ მისიისთვის დაამზადეს. კამერა მთვარის მოდულზე იყო დამონტაჟებული. არმსტრონგის მთვარის ზედაპირზე გადასვლამდე ოლდრინმა სწორედ ეს კამერა ჩართო. მოგვიანებით მთვარის მოდულიდან დაახლოებით 9 მეტრში კიდევ ერთი ვიდეო კამერა დაამონტაჟეს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემდა ასტრონავტების მოძრაობებსა და მათ აქტივობებს.

კამერა კადრებს მთვარის მოდულის ანტენის საშუალებით გადმოცემდა. ვიდეო ტრანსლაციის ჩაწერა ავსტრალიაში,  პარკსის ობსერვატორიაში მიმდინარეობდა. შემდეგ უკვე ჰიუსტონში ისტორიული ვიდეო მასალა Quadruplex Ampex VR-660B-ს ფირზე გადაიტანეს. პარკსის ობსერვატორიის ჩანაწერი დროთა განმავლობაში დაიკარგა, ამიტომ Ampex-ის ფირი ერთადერთი ორიგინალი ვიდეოა, სადაც აპოლო 11-ის ასტრონავტების მთვარეზე გადასვლაა დაფიქსირებული. 

ეს ჩანაწერი 1976 წლის ივნისში NASA-ს სტაჟიორმა გარი ჯორჯმა 217 დოლარად იყიდა. 43 წლის შემდეგ კი ფირი აუქციონზე მილიონ 820 ათას დოლარად გაიყიდა. Sotheby's აუქციონის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიდეო მასალა პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. ჩანაწერის ხანგრძლივობა 2 საათი და 24 წუთია. 

კომენტარები

ბოლო ამბები