Thumbnail

ვიბრაციული ჟილეტი - ძაღლის გაწვრთნის ინოვაციური მეთოდი

  • სისტემით ადამიანებსა და ძაღლებს შორის კომუნიკაცია გამარტივდება
  • კვლევის თანახმად, ძაღლები ხმოვან ბრძანებებზე მეტად ვიბრაციაზე რეაგირებენ

ბენ გურიონის უნივერსიტეტის (BGU) მკვლევარებმა ძაღლის გაწვრთნის ახალი, ინოვაციური სისტემა შექმნეს, რომლის დახმარებით ცხოველი ხმოვანი ბრძანებების ნაცვლად ვიბრაციულ სიგნალებს იღებს და მათზე რეაგირებას სწავლობს. ძაღლებს ვიბრაცია სპეციალური ჟილეტით გადაეცემათ, რომელიც 4 ვიბრაციული ძრავითაა აღჭურვილი. ვიბრაციების გადაცემა დისტანციური კონტროლერით ხდება. 

ამ დროისთვის სისტემას ლაბრადორისა და გერმანული ნაგაზის ნაჯვარზე, 6 წლის ტაიზე ცდიან. ტაი უსინათლო ადამიანის გიდი ძაღლი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან მოვალეობას თავი ვერ გაართვა, რადგან ყურადღება მარტივად ეფანტებოდა. მკვლევარების თანახმად, წვრთნის ახალმა მეთოდმა ეფექტურად იმუშავა და ამ დროისთვის ტაი რამდენიმე მარტივ ბრძანებაზე რეაგირებს.

“ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლები ვიბრაციაზე უფრო მეტად რეაგირებენ, ვიდრე ხმოვან ბრძანებებზე. სისტემის გამოსაცდელ ეტაპზე გამოჩნდა, რომ ადამიანებსა და ძაღლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება მართლაც შესაძლებელია.” - ამირ შაპირო, BGU-ს რობოტიკის ლაბორატორიის დირექტორი

მკვლევარების თანახმად, სისტემა განსაკუთრებით ეფექტურია მონადირე და მაძებარი ძაღლებისთვის. ჟილეტის დახმარებით ძაღლებთან კონტაქტს უფრო მარტივად დაამყარებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. კვლევის შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია სისტემის სხვა ჯიშების ძაღლებზე გამოცდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები