Thumbnail

თანამგზავრ LightSail 2-ის მისია წარმატებით დაიწყო

  • LightSail 2-მა  მზის აფრის გახსნა მოახერხა
  • ექსპერიმენტული თანამგზავრი ორბიტაზე მზის ენერგიით იმოძრავებს

ექსპერიმენტულმა თანამგზავრმა LightSail 2-მა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე Space X-ის რაკეტა Falcon Heavy-მ გაიყვანა, მზის აფრის გახსნა მოახერხა. თანამგზავრი პროექტ Planetary Society-ს მიერ არის შექმნილი. ობიექტი სულ 5 კილოგრამს იწონის, თუმცა მცირე ზომის მიუხედავად მას უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია. LightSail 2 უნდა გახდეს პირველი ობიექტი, რომელიც დედამიწის გარშემო ორბიტაზე მხოლოდ მზის ენერგიით იმოძრავებს. ამაში მას სწორედ დიდი ზომის აფრა უნდა დაეხმაროს. 


მზის აფრის იდეა ჯერ კიდევ  XVII საუკუნეში გაჩნდა. იოჰანეს კეპლერი 1608 წელს გალიო გალილეისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს ხომალდებს, რომლებიც კოსმოსში მზის ენერგიით იმოძრავებენ. იმისათვის, რომ კეპლერის იდეა რეალობად ქცეულიყო კაცობრიობას ოთხი საუკუნე დასჭირდა. თუმცა დღესაც კი ეს ტექნოლოგია განვითარების საწყის ეტაპზეა. Planetary Society-ს თავმჯდომარის, ცნობილი ამერიკელი ინჟინრის ბილ ნაის განცხადებით, ექსპერიმენტულ თანამგზავრს შეუძლია კოსმოსის ათვისების სფეროში გადატრიალება მოახდინოს.

ისტორია ჩვენ თვალწინ იქმნება.  LightSail 2 ფუნდამენტურად შეცვლის კოსმოსური ფრენის ტექნოლოგიას. ექსპერიმენტი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ წარმატებული სტარტი ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს- ბილ ნაი, Planetary Society-ს თავმჯდომარე.

ბილ ნაი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიას მომავალში კოსმოსური ხომალდები გამოიყენებენ. ამ ეტაპზე კი LightSail 2-ს შედარებით მოკრძალებული მისია აქვს. Planetary Society-ს ჯგუფს იმედი აქვს, რომ ასეთი თანამგზავრების გამოყენება ხელს შეუწყობს ორბიტაზე კოსმოსური ნაგავის პრობლემის მოგვარებას. ნაი აღნიშნავს, რომ მსგავსი აფრით ნებისმიერი თანამგზავრის აღჭურვა შეიძლება. LightSail 2-ს საწვავი არ სჭირდება. თანამგზავრი, რომელიც ჩამოსაწერი იქნება თავად გაშლის აფრას, დაეშვება ატმოსფეროში, დაიწვება და გაათავისუფლებს სივრცეს ახალი თანამგზავრისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები