Thumbnail

Samsung-ის გადასაკეცი სმარტფონი სექტემბერში გამოვა

  • Samsung-ის თანახმად, Galaxy Fold-ის ეკრანის პრობლემა აღმოფხვრილია
  • სმარტფონის ფასი 1980 დოლარია

Samsung-მა გადასაკეცი სმარტფონის, Galaxy Fold-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გაუმჯობესებული დიზაინის სმარტფონის გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება. სმარტფონის გამოსვლა მიმდინარე წლის აპრილში იგეგმებოდა, თუმცა გამოსვლის თარიღი ეკრანთან დაკავშირებული ხარვეზის გამო გადაიდო. Galaxy Fold 1,980 დოლარი ეღირება.

Galaxy Fold-ის დიზაინში არაერთი კომპონენტი შეიცვალა და გაუმჯობესდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სმარტფონის ეკრანს უკავშირდება - სმარტფონის განახლებული ვერსიის ეკრანის დამცავი ფენა უფრო დიდი ზომისაა, შესაბამისად უფრო მკვეთრად არის გამოხატული, რომ ის ქარხნულად სმარტფონის ნაწილია და არ უნდა მოიხსნას. სმარტფონის ეკრანის ხარვეზების უმრავლესობა სწორედ დამცავი ფენის მოხსნით იყო გამოწვეული. 

Samsung-ის აღმასრულებელი დირექტორი Kwon Oh-hyun-ი აღიარებს, რომ კომპანიამ სმარტფონი დაჩქარებულად წარადგინა მაშინ, როცა პროდუქტის საბოლოო ვერსია მზად არ იყო. მან მომხდარს უხერხული ფაქტი უწოდა. 
 
Samsung-ის მიერ Galaxy Fold-ის წარდგენის შემდეგ, გადასაკეცი სმარტფონების გამოშვება სხვა კომპანიებმა, მათ შორის Apple-მა, Huawei-მ და Motorolla-მაც დააანონსეს, თუმცა ამ დრომდე ბაზარზე არცერთი კომპანიის სმარტფონი არ გამოსულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები