Thumbnail

ფეისბუქის მენეჯმენტი: Libra შესაძლოა საერთოდ არ ამოქმედდეს

  • ფეისბუქის განცხადებით არ არსებობს გარანტია, რომ Libra ამოქმედდება
  • კომპანია პროექტისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად კონგრესის ზეწოლას და ფინანსურ ხარჯებს ასახელებს

2019 წლის ივნისში ფეისბუქმა საკუთარი კრიპტოვალუტის, Libra-ს შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე ეკონომიკურმა ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ კომპანიის ფინანსურ სექტორში შესვლა მსოფლიო საბანკო სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ იდეას ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში სერიოზული მოწინაამღდეგები ჰყავდა. ანგარიშში, რომელიც ფეიბუქმა შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიას წარუდგინა, აღნიშნულია, რომ კომპანიამ შესაძლოა კრიპტოვალუტის შექმნაზე უარი თქვას.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავად ფეისბუქის მენეჯმენტი ოფიციალურად აცხადებს, რომ მასშტაბური პროექტის განხორციელება სერიოზული რისკის წინაშე დგას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ Libra ძვირადღირებული პროექტია და თავად კომპანიას არ აქვს გამოცდილება კრიპტოვალუტის შექმნის და დანერგვის კუთხით. ხარჯები, რომლებიც ფეისბუქმა უნდა გასწიოს იმდენად დიდია, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში კომპანიას სერიოზული ფინანსური ზარალი ექნება. ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდება კომპანიის იმიჯიც. ფეისბუქი ასევე ამახვილებს ყურადღებას საკანონმდებლო კუთხით არსებულ პრობლემებზე, რაც პროექტის განხორციელებისთვის დამატებით ბარიერს ქმნის. 

ფეისბუქის კრიპტოვალუტის წინაამღდეგ ყველაზე აქტიურად შეერთებული შტატების კონგრესმენები გამოდიან. კომპანიის წარმომადგენლები Libra-სთან დაკავშირებულ მოსმენებზე კონგრესში რამდენჯერმე დაიბარეს. ივლისის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ფეისბუქს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, რომელშიც კრიპტოვალუტის გამოშვების გადადებას მოითხოვდნენ. ამერიკელ კანონმდებლებს კითხვები ძირითადად კრიპტოვალუტის უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით ჰქონდათ. კონგრესმენებს აინტერესებდათ როგორ აისახებოდა Libra-ს გამოჩენა მსოფლიო ვალუტების სტაბილურობაზე და  ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები