Thumbnail

აპოლო 11-ის შემდგომი მისიების მოკლე მიმოხილვა

აპოლო 11-ის წარმატებული მისიის შემდეგ პროგრამის ფარგლებში ნასამ მთვარეზე კიდევ ექვსი ხომალდის დაშვება შეძლო, აპოლო 12-დან 17-ის ჩათვლით. ერთადერთი გამონაკლისი აპოლო 13-ის მისია იყო, როდესაც   ფრენის დროს წარმოქმნილი  ტექნიკური ხარვეზების გამო ასტრონავტებს, რომლებმაც მთვარის ორბიტას მიაღწიეს, დედამიწაზე დაბრუნება მოუწიათ.

აპოლო 12

აპოლო 12 იყო ნასას მეორე პილოტირებული მისია მთვარისაკენ, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტებმა კვლავ შეძლეს გადასვლა მთვარის ზედაპირზე. ხომალდმა სტარტი აიღო 1969 წლის 14 ნოემბერს კენედის კოსმოსური ცენტრიდან, ხოლო 19 ნოემბერს ორი ასტრონავტი - ხომალდის მეთაური ჩარლზ კონრადი (Charles Conrad) და მთვარის მოდულის (Lunar Module (LM)) პილოტი ალან ბინი (Alan L. Bean) დაეშვნენ მთვარის ზედაპირზე „ქარიშხლების ოკეანეში“, ასტრონავტი რიჩარდ გორდინი კი დარჩა სამეთაურო (Command Module (CM)) მოდულში და განაგრძობდა ფრენას მთვარის გარშემო მათ დაბრუნებამდე. მთვარეზე წარმატებული დაშვებიდან სამი საათის შემდეგ, ეკიპაჟმა დაიწყო გადმოსვლა მთვარის მოდულიდან. ამ ვიზიტისას პირველად გახდა შესაძლებელი შესწავლილიყო მთვარის ზედაპირი, დაჯდომის ადგილიდან 0,5 კმ რადიუსის მანძილზე.

აპონო 12. ასტრონავტი ალან ბინი მთვარის ზედაპირზე. სურათზე ასევე ჩანს: მთვარის მოდული, დედამიწასთან საკომუნიკაციო ე.წ “S-Band” ბარაბოლური გასაშლელი ანტენა და სატელევიზიო კამერა (მარჯვნივ).

ამ ვიზიტის დროს ასტრონავტები მთვარის მოდულიდან ორჯერ გადავიდნენ ზედაპირზე (EVA1 & EVA2). მათ განახორციელეს სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტები, შეაგროვეს მთვარის გრუნტის ნიმუშები, გადაიღეს მაღალი გარჩევადობის ფოტოები, შეისწავლეს და აიღეს მასალები მთვარეზე მყოფ „Surveyor 3“ ზონდიდან, რომელიც აპოლონ 12-ის მისიამდე ნასას მიერ დაახლოებით 2.5 წლით ადრე იყო გაშვებული, მთვარის გრუნტის შესასწავლად. ამ მისიის დროს, მთვარის მოდულის დაშვებაც სწორედ „Surveyor 3“ -ის ლოკაციის გამო შეირჩა, მისგან დაახლოებით 170 მეტრით მოშორებით.

აპოლო 12-ის ხომალდის მეთაური - ჩარლზ კონრადი მუშაობს მთვარის უპილოტო ზონდ „Surveyor 3“ -თან, ხომალდის გარე აქტიური მუშაობის (EVA2-ის) შესრულებისას. სურათზე (უკან მარჯვნივ) მოჩანს მთვარის (LM) მოდულიც.

ასტრონავტებმა ზონდიდან მოხსნეს სატელევიზიო კამერა, ელექტრო კაბელები, და ზოგიერთი სხვადასხვა სამეცნიერო კომპონენტები, რომლებიც წამოიღეს დედამიწაზე შემდგომი გამოკვლევებისათვის. აპოლო 12-ის ასტრონავტებმა წარმატებით დატოვეს მთვარის ზედაპირი 1969 წლის 20 ნოემბერს, შეუერთდნენ სამეთაურო მოდულს და 24 ნოემბერს უსაფრთხოდ დაეშვნენ წყნარ ოკეანეში.

აპოლო 13

ეს იყო მთვარეზე პილოტირებული მისიის დაშვების მესამე მცდელობა, რომელიც შეწყდა ხომალდის სერვის მოდულში ფრენისას წარმოქმნილი პრობლემების გამო. აპოლო 13-მა სტარტი არიღო 1970 წლის 11 აპრილს, კენედის კოსმოსური ცენტრის 39A ასაფრენი კომპლექსიდან. მის ბორტზე იმყოფებოდნენ ასტრონავტები: ხომალდის მეთაური ჯიმ ლოვუელი (Jim Lovell), სამეთაურო მოდულის პილოტი ჯეკ სვეიგერტი (Jack Swigert) და მთვარის მოდულის პილოტი ფრედ ჰეიზი (Fred Haise).

ჯერ კიდევ ხომალდის სტარტიდან რამდენიმე წუთში, რაკეტამატარებლის მეორე საფეხურის ხუთი ძრავიდან ცენტრალურმა მუშაობა მოულოდნელად შეწყვიტა, თუმცა ხომალდმა განაგრძო ფრენა დანარჩენი ოთხი ძრავის ხანგრძლივი მუშაობის კომპენსაციის ხარჯზე და გაიყვანა იგი საწყის ̴190 კმ სიმაღლის გეოცენტრულ ორბიტაზე. დედამიწის გარშემო დაახლოებით 1.5 ორბიტული გარემოქცევის შემდეგ კი მესამე საფეხურის ძრავამ აპოლო 13 „მთვარისაკენ გატყორცნა“.

ხომალდის სერვის მოდულში მოთავსებული იყო კრიოგენულ აირთა ფეთქებადი რეზერვუარები, რომლებიც ამარაგებდნენ ხომალდს ელექტროენერგიით, ჰაერითა და წყლით. როგორც მოგვიანებით გაირკვა ჟანგბადის ერთ ერთი რეზერვუარის მართვის ელექტრო სისტემაში ხარვეზი სტარტამდეც არსებობდა, რომლის დაფიქსირებაც სამწუხაროდ ხომალდის გაშვებამდე ვერ მოხერხდა. მისიის დაწყებიდან 56 საათის შემდეგ, როდესაც ხომალდი ̴330 000 კმ მანძილით იყო დაშორებული დედამიწას, ხომალდის სერვის მოდულში ჟანგბადის (№2) ბალონი მოულოდნელად აფეთქდა, მის ელექტრულ წრედში მომხდარი „მოკლე ჩართვის“ გამო, რამაც ასევე სხვა (№1) ბალონის სარქველის დაზიანებაც გამოიწვია და აირმა გაჟონვა დაიწყო.

აპოლო 13 - ის დაზიანებული სერვის SM მოდული, სურათი გადაღებულია მთვარის LM მოდულიდან, SM - ის ჩახსნის შემდეგ. ფოტოზე მოჩანს მოდულის „გაგლეჯილი“ გარსი, მასში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შემდეგ.

 როდესაც ასტრონავტებმა აფეთქების ხმა გაიგეს და ხომალდში დიდი ვიბრაციაც იგრძნეს, მათ ეს მცირე მეტეორის დაჯახება ეგონათ, თუმცა სუტიაციაში მალე გაერკვნენ.  ჯეკ სვეიგერტმა ნასას ფრენის ცენტრს მიმართა ფრაზით, რომელიც ისტორიაში შევიდა - „ჰიუსტონ, ჩვენ პრობლემა გვაქვს“. აფეთქების შედეგად, მოიშალა ხომალდის ფრენის მართვის სისტემა, მწყობრიდან გამოვიდა მთავარი ამაჩქარებელი ძრავი, საიდანაც ჟანგბადი ჟონავდა, რაც დამატებითი იმპულსის გამო ხომალდს წონასწორობა დააკარგვინა. ნასას მართვის ცენტრი მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადავიდა. ისინი ასტრონავტებს სისტემატურად აწვდიდნენ სხვადასხვა ტექნიკურ ინსტრუქციებს პრობლემების დროულად გადასაჭრელად.

ნასა. 1970 წ. აპოლონ 13 - ის მართვის ცენტრის თანამშრომლები (ე. წ ოქროს გუნდი). ხომალდის ბორტზე №2 ჟანგბადის ბალონის აფეთქებისას, სწირედ ამ გუნდის დროულმა და სწორმა რეკომენდაციებმა იხსნა ეკიპაჟის სამივე წევრი, რეალური კატასტროფისგან.

მომხდარის გაცნობიერებამ თანდათან აშკარა გახადა, რომ „მთვარე დაიკარგა“, მისია შეწყდა. ახლა ნასას მთავარ ამოცანას, ასტრონავტების სიცოცხლის შენარჩუნება და მათი უსაფრთხო დაბრუნება წარმოადგენდა. მართვის ცენტრის მითითებით, ასტრონავტებმა ენერგიის დაზოგვის მიზნით სამეთაურო და სერვის მოდულებში გამორთეს ყველა ელექტროსისტემა. ეკიპაჟის სამივე წევრი გადავიდა მთვარის მოდულში, რომელიც მხოლოდ ორ კაცზე იყო გათვლილი. მოდულში არ იყო საკმარისი ჟანგბადი დედამიწამდე მისაღწევად, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში, სხვა გამოსავალი არ არსებობდა.

ნასას მართვის ცენტრის პერსონალთა პროფესიონალური გადაწყვეტილებების შედეგად ასტრონავტებმა მიიღეს სწორი რეკომენდაციები. მათ ხომალდში არსებული სათადარიგო ნაწილებისაგან სახელდახელოდ დაამზადეს ნახშირორჟანგის მშთანთქმელი ერთგვარი ფილტრები, რისი დახმარებითაც ხელოვნურად გაზარდეს სუნთქვისათვის საჭირო ჟანგბადის მოხმარების დრო.

აფეთქების გამო, ხომალდის მოძრაობის ტრაექტორია ისე შეიცვალა, რომ გამოთვლების მიხედვით, მთვარის უკან თავისუფალი გარემოქცევის შემდეგ ხომალდი ̴ 4000 კილომეტრით აცდებოდა დედამიწას, ამიტომ ასტრონავტებს რამდენჯერმა მოუწიათ მთვარის მოდულის ძრავების გამოყენება, ტრაექტორიაში კორექტირების შესატანად.

მიუხედავად ხომალდის ბორტზე არსებული სერიოზული პრობლემებისა, აპოლო 13 -ის ასტრონავტებმა ინციდენტიდან ოთხი დღის შემდეგ მაინც შეძლეს დედამიწის გეოცენტრულ ორბიტამდე მოღწევა, გადავიდნენ მთვარის მოდულიდან სამეთაურო მოდულში, შემოიჭრნენ დედამიწის ატმოსფეროში და დაგეგმილი ადგილიდან, საკმაოდ მოშორებით თუმცა მშვიდობით, დაეშვნენ წყნარ ოკეანეში.

აპოლო 13-ის ეკიპაჟის წევრები, მარცხნიდან მარჯვნივ - ფრედ ჰეიზი, ჯიმ ლოუველი და ჯეკ შვაიგერტი. 1970 წლის 17 აპრილი, წყნარ ოკეანეში დაშვების შემდეგ.

ნასას ისტორიაში აპოლო 13-ის მისია შეფასებულია, როგორც „წარმატებული მარცხი“, რადგან ასტრონავტები რეალურ სიკვდილს გადაურჩნენ. ეკიპაჟის სიმამაცისა და მართვის ცენტრის პროფესიონალი თანამშრომლების წყალობით, მისია მაინც მშვიდობით დასრულდა. სამივე ასტრონავტი უვნებელი დაბრუნდა დედამიწაზე.

აპოლო 14

აპოლო 14-ის ეკიპაჟის წევრები იყვნენ: ხომალდის მეთაური ალან შეპარდი (Alan Shepard Jr), მთვარის მოდულის პილოტი სტუარტ როსა (Stuart A. Roosa) და სამეთაურო მოდულის პილოტი ედგარდ მიტჩელი (Edgar D. Mitchell). ხომალდმა სტარტი აიღო 1971 წლის 31 იანვარს. მთვარეზე დაშვების ადგილი და სამეცნიერო აქტივობები იგივე დარჩა რაც აპოლო 13-ის წარუმატებელი მისიისათვის იყო დაგეგმილი. მთვარის მოდული დაეშვა ცნობილი კოპერნიკის 93კმ დიამეტრის კრატერიდან დაახლოებით 360 კილომეტრით სამხრეთით, ფრა მაუროს (Fra Mauro) ქედზე, 340მ დიამეტრის კონის კრატერთან (Cone Crater) ახლოს. ეს რეგიონი საინტერესო იყო სელენოლოგიური (მთვარის გეოლოგიური) გამოკვლევების თვალსაზრისით, რადგან იგი გამოირჩეოდა მეჩხერი ქვით მიმოფანტული, ევოლუციურად ახალგაზრდა ზედაპირული ქერქით, რომელიც დაფარულია კოპერნიკის დარტყმითი მეტეორული კრატერიდან ამოტყორცნილი „ნათელი ნივთიერების“ ფენით.

აპოლო 14-ის მთვარის მოდული ზის „ფრა მაუროს“ ქედზე. შესამჩნევია, რომ მოდულის ერთი ფეხი ჩაშვებულია პატარა კრატერში (რომელსაც საბედრიეროდ აფრენისას პრობლემა არ შეუქმია). სურათზე ასევე მოჩანს ასტრონავტების ნაფეხურები და საკომუნიკაციო გასაშლელი ანტენების ნაწილი.

ამ მისიის დროს 42 კგ-ზე მეტი მთვარის გრუნი იქნა შეგროვებული და ჩამოტანილი დედამიწაზე. დედამიწასთან უფრო მაღალი ხარისხის საკომუნიკაციოდ კი ასტრონავტებმა დაამონტაჟეს 3,8მ. დიამეტრის მოდერნიზებული გასაშლელი ანტენა, მთვარეზე სამეცნიერო ტექნიკის გადასაზიდად ასტრონავტებმა ამჯერად ნასას მიერ სპეციალურად შექმნილი ხელის ურიკა გამოიყენეს (modular equipment transporter (MET).

1971 წლის 5 თებელვალი. ასტრონავტი ალან შეპარდი „Modular Equipment Transporter“ - თან ერთან. ეს „ურიკა“ გამოიყენებოდა სამეცნიერო ტექნიკისა და ნიმუშების ტრანსპორტირებისათვის მთვარის ზედაპირზე.

ასტრონავტები ა. შეპარდი და ს. როსა, 6 თებერვალს წარმატებით აფრინდნენ მთვარის ზედაპირიდან, შეუერთდნენ სამეთაურო მოდულს და მის ირგვლივ 34 გარემოქცევის შემდეგ „გამოეშურნენ“ დედამიწისკენ. აპოლონ 14-ის მისია დასრულდა 9 თებერვალს წყნარ ოკეანეში დაშვებით.

აპოლო 15

აპოლონ 15 (გაშვების თარიღი 26 ივლისი, 1971წ) იყო მთვარეზე დაშვების მეოთხე წარმატებული მისია. ხომალდის ეკიპაჟის წევრები იყვნენ: მეთაური დევიდ სკოტი (David Shcott), მთვარის მოდულის პილოტი ჯეიმს ირვინი (James Irwin) და სამეთაურო მოდულის პილოტი ალფრედ ვორდენი (Alfred Worden). ამ მისიის ფარგლებში, ნასას ინჟინრებმა მოახდინეს ხომალდის მოდულების ტექნიკური მოდიფიკაციები, იმისათვის, რომ უფრო მეტი ტვირთის წაღება ყოფილიყო შესაძლებელი. მთვარის მოდულის დაშვების ლოკაციად, სელენოლოგიური თვალსაზრისით ძალზედ საინტერესო ადგილი შეირჩა, ადგილი სადაც მილიარდობით წლის წინ დამშრალი ვულკანური მდინარის ე. წ ჰადლეის არხი (Hadley Rille) მიიკლაკნებოდა „აპენინის მთების“ დასავლეთ ფერდობზე.

ასტრონავტებმა ამ ვიზიტისას პირველად გამოიყენეს მთვარის ზედაპირზე გადასაადგილებლად, ნასას მიერ სპეციალურად შექმნილი ელექტრომობილი (Lunar Roving Vehicle (LRV)), რომლის დახმარებითაც ორივე ასტრონავტს 10–12 კმ/სთ სიჩქარით შეეძლოთ მთვარის ზედაპირზე გადაადგილება, რაც მათ საშუალებას აძლევდა ტექნიკასთან ერთად შორ მანძილზე წასულიყვნენ დაშვების პუნქტიდან, დაეზოგათ დრო და უფრო ეფექტურად განეხორციელებინათ დაგეგმილი სამეცნიერო ამოცანები.

სტრონავტი დევიდ სკოტი, ჰადლეის ხეობაში, დამშრალი მდინარის სანაპიროსთან.

აპოლო 15 მისია განსხავდებოდა მისი წინამორბედებისაგან იმითაც, რომ მთვარეზე მუშაობის (EVA) დრო გახანგრძლივებული იყო (3 დღე), ჯამში ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირზე 18,5 საათი დაჰყვეს და 77 კგ მთვარის გრუნტი შეაგროვეს დედამიწაზე წამოსაღებად. აპოლონ 15-ის მისია დასრულდა 1971 წლის 7 აგვისტოს წყნარ ოკეანეში წარმატებული დაშვებით.

აპოლო 16

ეს იყო ნასას რიგით მეხუთე პილოტირებული მისია მთვარისაკენ. გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო, რომელიც შეეხებოდა მოდულების ჩახსნის მექანიზმების კორექტირებასა და ტესტირებისას გამოვლენილი ხარვეზების შეკეთებას, ხომალდის გაშვების თარიღი ერთი თვით გადაიდო და 1971 წლის 17 მარტის ნაცვლად აპოლო 16-ის ხომალდმა სტარტი აიღო 16 აპრილს, ეკიპაჟის წევრები იყვნენ: მეთაური ჯონ იანგი (John W. Young), სამეთაურო მოდულის პილოტი ტომას მატინგლი (Thomas K. Mattingly) და მთვარის მოდულის პილოტი ჩარლზ დუკი (Charles M. Duke). მთვარეზე დაშვება შედარებით რთულად წარიმართა. მთვარის მოდული მაღალმთიანი კრატერებით დაფარულ რეგიონში ე. წ. დეკარტესა და კეილის ფორმირების რაიონში (Descartes and Cayley formations) დაეშვა, წინასწარ დაგეგმილი ადგილიდან დაახლოებით 270 მეტრის მოშორებით. ისევე როგორც წინა (აპოლო 15) მისიის დროს, ამჯერადაც ასტრონავტებმა მთვარეზე გადასაადგილებლად სპეციალური ელექტრომობილი (LRV) გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც მათ ჯამში მთვარის ზედაპირზე 26.7 კილომეტრი გაიარეს.

1972 წლის 21 აპრილი. ასტონავტი ჯ. იანგი, მთვარეზე სამეცნიერო ინსტრუმენტების განლაგების დროს.

ასტრონავტებმა ჯ. იანგმა და ჩ. გუკმა მთვარეზე სამ დღიანი ვიზიტის განმავლობაში ჯამში აქტიური მუშაობის (EVA1, EVA2 და EVA3) 20 საათი გაატარეს,მთვარის ზედაპირზე განათავსეს ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე სამეცნიერო აღჭურვილობები და განახორციელეს სხვადასხვა გეოლოგიური კვლევები. ასტრონავტებმა 95 კილოგრამზე მეტი მთვარის ნიმუში შეაგროვეს დედამიწაზე წამოსაღებათ. ამ პერიოდის განმავლობაში სამეთაურო მოდულში დარჩენილმა ტ. მატინგლმა 64-ჯერ შემოუფრინა მთვარეს და ორბიტიდან განახორციელა სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტები. 23 აპრილს, მთვარის მოდულის ორბიტაზე დაბრუნების შემდეგ აპოლო 16-ის სერვის მოდულიდან გაშვებულ იქნა მცირე ზომის თანამგზავრი (PFS-2), რომლის მთავარი მიზანიც, მთვარის გარშემო მაგნიტური ველისა და დამუხტული ნაწილაკთა შესწავლა იყო. უკან დაბრუნებისას, მთვარიდან 70 000 კმ მანძილზე ასტრონავტებმა პირველად განახორციელეს, ყველაზე შორს დედამიწიდან ე. წ „ღრმა კოსმოსში გასეირნება“(deep-space walks). მათ ხომალდის გარე კორპუსიდან მოხსნეს სამეცნიერო ჩანაწერების კამერა რათა არ დაზიანებულიყო ატმოსფეროში შემოჭრისას.

აპოლო 16-ის მეთაური ჯ.იანგი და სამეთაურო მოდულის პილოტი კ. მატიკგლი მუშაობენ ხომალდის გარე სივრცეში, ე. წ „ღრმა კოსმოსში გასეირნების“ (deep-space walks) დროს. დედამიწიდან ̴310 000 კილომეტრით შორს.

ამ მისიის ხანგრძლივობა ჯამში 265 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა, რომელიც დასრულდა 1972 წლის 27 აპრილს, სამეთაურო მოდულის წყნარ ოკეანეში დაშვებით.

აპოლო 17

აპოლო 17 იყო მეექსვე და ნასას ფინალური პილოტირებული მისია „აპოლოს პროგრამის“ ფარგლებში. გარდა ამისა, ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც ეკიპაჟის სამივე წევრი მეცნიერი (სპეციალობით გეოლოგები) იყო. აპოლონ 17-ის ხომალდი გაეშვა 1972 წლის 7 დეკემბერს და მასში ისხდნენ: მეთაური - ჰარისონ შმიტი (Harrison H. Schmitt), მთვარის მოდულის პილოტი იუჯინ სერნანი (Eugene A. Cernan ) და სამეთაურო მოდულის პილოტი რონალდ ევანსი (Ronald E. Evans).

1972 წლის 11 დეკემბერს ევანსი განაგრძობდა ბრუნვას მთვარის გარშემო ორბიტაზე, როდესაც კერნარი და შმიტი დაეშვნენ მთვარის ზედაპირზე „სიცხადის ზღვის“ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, რათა შეესწავლათ ე. წ. „ტავრი-ლიტროუსის“ (Taurus–Littrow) ვულკანური ხეობის „გეოლოგია“. ეს ტერიტორია გამოირჩეოდა დაშლილი მთების ნარჩენი ლოდებით მიმოფანტული ადგილებით.

1972 წლის 13 დეკემბერი, ასტრონავტი-მეცნიერი შმიტი დგას უზარმაზარ გაპობილ ქვის ლოდთან „ტავრი-ლიტროუს“ ველზე. ფოტოზე ასევე მოჩანს მთვარემავალი ელექტო მანქანა (LRV) რომლითაც შმიტი და სერნარი გადაადგილდებოდნენ.

ასტონავტებმა 75 საათი გაატარეს მთვარის ზედაპირზე და (LRV) ელექტრომობილით კი ჯამში 36 კილომეტრი მანძილი დაფარეს, რომელიც რეკორდი იყო წინა მისიებთან შედარებით. მათ ჩაატარეს 10 სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტი (ძირითადად გეოლოგიური), გადაიღეს 2000-ზე მეტი ფოტოსურათი და შეაგროვეს 110კგ მთვარის გრუნტი შემდგომი გამოკვლევებისათვის.

აპოლო 17-ის ასტრონავტი-მეცნიერი კერნანი დგას სამეცნიერი დანადგართან, რომლის დახმარებითაც იგი ზომავს ნიადაგის დახრას და მთვარის ქვის ზოგიერთ ფიზიკურ მახასიათებლებს.

მისიის დასრულებისას კერნანმა და შმიტმა პირდაპირი სატელევიზიო ჩართვის დროს წაიკითხეს მთვარის მოდულზე დამაგრებულ სამახსოვრო დაფაზე დაწერილი სიტყვები - “აქ ადამიანებმა დაასრულეს მათი პირველი გამოკვლევები მთვარის შესახებ, ქრისტეშობიდან - 1972 წელი, დეკემბერი. ეს მოვლენა ასახულია კაცობრიობის ისტორიაში“. აპოლონ 17-ის ასტრონავტები წარმატებით დაბრუნდნენ დედამიწაზე 1972 წლის 19 დეკემბერს.

პროგრამის მნიშვნელობა

ნასას აპოლოს კოსმოსური პროგრამა მიზნად ისახავდა ადამიანის გადაყვანას მთვარის ზედაპირზე და უსაფრთხო დაბრუნებას დედამიწაზე. პრეზიდენტ ჯ. კენედის ეს მიზანი წარმატებით განხორციელდა აპოლონ 11-ის მისიის დროს, როდესაც 1969 წლის 20 ივლისს ნ. არმსტრონგმა და ე. ოლდრინმა პირველად დააბიჯეს მთვარის ზედაპირს, ასტრონავტი მ. კოლინზი კი მათ ზემოთ სამეთაურო მოდულით ბრუნავდა მთვარის ორბიტაზე. აპოლონ 11-ის შემდგომი მისიების განხორციელებისას სახელმწიფოთა შორის კოსმოსურმა „ორთაბრძოლამ“ უკანა პლანზე გადაინაცვლა და სამეცნიერო დატვირთვა მიიღო.

აპოლოს კოსმოსური პროგრამის ფარგლებში თორმეტი ამერიკელი ასტრონავტი გადავიდა მთვარის ზედაპირზე. მათ მიერ განხორციელებული სამეცნიერო ექსპედიციების დროს დაგროვილი მდიდარი მასალის ანალიზით ბევრი ახალი სამეცნიერო კვლევა და ნაშრომი შესრულდა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ევოლუციის შესასწავლად. მთვარიდან ჩამოტანილი ქვების რადიომეტრული ანალიზით დამტკიცდა, რომ მათი ასაკი ევოლუციურად გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე დედამიწის ქვების. მათი ასაკი 3,2 მილიარდიდან 4,6 მილიარდ წლამდე მერყეობდა. შესაბამისად მთვარის დაბალ და მაღალ რეგიონებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის მიხედვით. აპოლოს ყოველი მისიისას ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე ტოვებდნენ სამეცნიერო ინსტრუმენტებს, ეს ხელსაწყოები ბირთვული ენერგიით იკვებებოდნენ, რომელთაც შეეძლოთ წლების მანძილზე გადმოეცათ დედამიწაზე სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაცია.

პროგრამის დახურვა

მიზეზი თუ რატომ გააუქმა ნასამ აპოლო 17-ის შემდეგ დაგეგმილი მისიები მდომარეობდა შემდეგში. გასული საუკუნის 60-იან წლებში ა.შ.შ-ს და საბჭოთა კავშირს შორის „კოსმოსური ბრძოლაში“ ლიდერობის სურვილმა თავისი შედეგი გამოიღო. გაგარინის წარმატებული ფრენის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ერთგვარ გამოწვევად მიიღო ეს ფაქტი და დაიწყო დაკარგული პრესტიჟის აღდგენა კოსმოსის ათვისების მიმართულებით. ამისათვის კი შეერთებული შტატების მთავრობამ უდიდესი ფინანსური ხარჯი გაწია.

კოსმოსური პროექტები მერკური, ჯემინი და აპოლო თანმიმდევრულად პროგრესირებდნენ. ყოველი მათგანი მოითხოვდა უფრო მეტ კონტრაქტორს და დასაქმებული პერსონალის რაოდენობას, ახალი ქარხანა-ნაგებობისა და ასაფრენი კომპლექსების აშენებას, ძვირადღირებული სატესტო რაკეტებისა და კოსმოსური ხომალდების აგებას. მთლიანობაში „აპოლოს პროგრამის“ განსახორციელებლად ნასას დასაქმებული ჰყავდა 100 000- ზე მეტი ადამიანი. მათ უმრავლესობას სოლიდური გასამრჯელო ჰქონდა. ნასას ბიუჯეტმა (იმ დროისათვის) კოლოსალურ თანხას მიაღწია. ამერიკის მოქალაქეთა უმრავლესობას 60-იანების დასაწყისში სურდა მთვარის მისია შემდგარიყო. იმავე ათწლეულის შუა პერიოდში ნასა იღებდა იმაზე მეტ ფინანსურ რესურსს, რაც მას რეალურად ესაჭიროებოდა. პარალელურად ამერიკული საზოგადოებს ნაწილს არც ესმოდა და არც აინტერესებდა თუ რა სამეცნიერო და პრაქტიკული უპირატესობა ექნებოდა ქვეყნისათვის მთვარის მისიის განხორციელებას.

აპოლოს ხომალდებიდან ასტრონავტთა სატელევიზიო ჩართვებმა და გაზეთების კოსმოსური ამბებით აჭრელებულმა გვერდებმა ერთგვარად შეცვალეს მრავალი ამერიკელი მოქალაქის დამოკიდებულება კოსმოსის ათვისების მიმართ, ასეთი საინფორმაციო საკითხები ყოველთვის დატვირთული იყო მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებისა და ხალხთა თანამეგობრობისაკენ მიმართული აქცენტებით. თუმცა პარალელურად, ამერიკელ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი მაინც მიიჩნევდა, რომ კოსმოსური მოგზაურობისათვის დახარჯული ხარჯები ჯობდა სამხედრო დაფინანსებას ან ქვეყანაში არსებული პრობლემების, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას მოხმარებოდა. კონგრესმა და პრეზიდენტმა  ნიქსონმა გაითვალისწინა საზოგადოების ეს მოთხოვნები, ალბათ იმიტომ, რომ ამ პროექტს თავისი ძირითადი ფუნქია უკვე შესრულებული ჰქონდა. კოსმოსური ბრძოლა მოგებული იყო და ქვეყანამ პრესტიჟიც აღიდგინა. ფაქტი კი ერთია, ნასა ნამდვილად წარმოადგენდა ფედერალური ბიუჯეტის ძირითად მშთანთქმელ წყაროს. ნასაშიც გააცნობიერეს მოცემული სიტუაცია და მიღებული შემცირებული ფინანსები გრძელვადიან სამომავლო პროექტებზე გადაანაწილეს, ახლო მომავალში დაგეგმილი აპოლონის მთვარის მისიები კი (აპოლონ 18, 19 და 20 ) გაუქმდა. 1972 წელს „პროგრამა აპოლო“ მთლიანად დაიხურა! ხომალდების რაკეტამატარებელ სატურნ V-ს ფუნქცია შეეცვალა და იგი დედამიწის ახლო ორბიტაზე ნასას პირველი ორბიტალური კოსმოსური სადგურის (Skylab -ის) ნაწილების ასაზიდად გამოიყენეს.

„პროგრამა აპოლო“ მოიხსენიება, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ ერთ უდიდეს ტექნიკურ მიღწევად. ამ პროექტის განხორციელებამ სტიმული მისცა მეცნიერებისა და ტექნიკის ბევრ სხვადასხვა დარგს. აპოლოს მთვარის მისიებმა ერთგვარად შეცვალა ადამიანთა მსოფლმხედველობა, სამყაროს ათვისებისა აღქმის მიმართულებით.

კომენტარები

ბოლო ამბები