Thumbnail

Norm Glasses - AR სათვალე სტანდარტული სათვალის დიზაინით

  • გაფართოებული რეალობის ახალი სათვალე ყოველდღიური მოხმარებისთვისაა შექმნილი
  • Norm Glasses-ის ღირებულება 300 დოლარია

კომპანია Human Capable გაფართოებული რეალობის (AR) ახალ სათვალეს გამოუშვებს, რომელსაც სხვა მსგავსი ტექნოლოგიის სათვალეებისგან მისი დიზაინი გამოარჩევს - Norm Glasses-ს სტანდარტული სათვალის ფორმა აქვს და სხვა AR სათვალეებთან შედარებით მსუბუქია. სათვალე სულ რაღაც 30-36 გრამს იწონის, რაც მსგავსი ტექნოლოგიით აღჭურვილი სათვალისთვის რეკორდული მინიმუმია. Norm Glasses-ის დიზაინი სათვალის ყოველდღიური მოხმარებისთვის არის გათვლილი. 

“სმარტ სათვალეები ყოველდღიურობაშიც ძალიან გამოსადეგია, თუმცა მასიური დიზაინის გამო მათ ქუჩაში არ იყენებენ. ჩვენი მიზანი სწორედ ისეთი სმარტ სათვალის შექმნა იყო, რომელიც ხალხისთვის პრაქტიკული იქნებოდა.” - Human Capable-ის დამფუძნებელი ჩარლზ სანი

Norm Glasses მინი კომპიუტერით არის აღჭურვილი, რომელიც ანდროიდზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. სათვალის ფუნქციები ხმოვანი ბრძანებით აქტიურდება. სათვალის თხელი ჩარჩო აერთიანებს არაერთ კომპონენტს, მათ შორის პროცესორს, მეხსიერების ჩიპს, ელემენტს, დინამიკებს, მიკროფონს, კამერას და გაფართოებული რეალობის ოპტიკურ სისტემას.

სათვალის წინასწარი შეკვეთა Human Capable-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი, ოფიციალური გაყიდვები კი 2020 წლის იანვრიდან დაიწყება. Norm Glasses-ის ღირებულება 300 დოლარია.
 

კომენტარები

ბოლო ამბები