Thumbnail

Facebook-ი Instagram-ის და WhatsApp-ის რებრენდინგს გეგმავს

  • Facebook-ის მიზანია მკაფიოდ გამოხატოს თუ რომელი სერვისების პროვაიდერია
  • სიახლე შესაძლოა Instagram-ის, Messenger-ის და WhatsApp-ის გაერთიანების გეგმასთან იყოს კავშირში

Facebook-ი საკუთარი აპლიკაციების, Instagram-ის და WhatApp-ის რებრენდინგს გეგმავს, რათა ხაზი გაუსვას ფაქტს, რომ ამ კომპანიებს სწორედ Facebook-ი ფლობს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, Facebook-ის მიზანია, მომხმარებელს გაუმარტივდეს აღქმა, თუ რომელი ონლაინ პროდუქტებია Facebook-ის სერვისის ნაწილი.

“გვსურს, მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ Facebook-თან დაკავშირებული ონლაინ სერვისების ამოცნობა.” - Facebook

რებრენდინგის შედეგად, სამომავლოდ აპლიკაციების მარკეტირება მოხდება როგორც “Instagram from Facebook” და “WhatsApp from Facebook”. აღნიშვნა “from Facebook” (Facebook-ისგან) გამოჩნდება როგორც App Store-ში, ასევე აპლიკაციის ავტორიზაციის გვერდზე. Facebook-ის თანახმად, სიახლე ყველა მომხმარებელთან უახლოეს მომავალში აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ WhatsApp-ი 2014 წლიდან Facebook-ის საკუთრებაშია, კვლევებმა აჩვენა, რომ აპლიკაციის მომხმარებლების ნახევარს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და WhatsApp-ს დამოუკიდებელ აპლიკაციად მიიჩნევს.

Facebook-მა გასული წლის ოქტომბერში დააანონსა, რომ კომპანია WhatsApp-ის, Instagram-ის და Messenger-ის ჩატების გაერთიანებას გეგმავს. აპლიკაციების რებრენდინგი შესაძლოა სწორედ ამ გეგმასთან იყოს დაკავშირებული. მარკ ცუკერბერგის თქმით, აპლიკაციების სასაუბრო პანელების გაერთიანება მიმოწერის დაცულობას საგრძნობლად გაზრდის.

კომენტარები

ბოლო ამბები