Thumbnail

ფრანგმა გამომგონებელმა ლა-მანშის სრუტეს ჰოვერბორდით გადაუფრინა

  • გამომგონებელმა ამ გზით ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის საჰაერო მიმოსვლის 110 წლის იუბილე აღნიშნა
  • ფრენა 22 წუთის განმავლობაში გაგრძელდა

მფრინავი ჰოვერბორდის, Flyboard Air-ის შემქმნელი ფრენკი საპატა გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ლა-მანშის სრუტეს ჰოვერბორდით გადაუფრინა. ფრენკი საპატამ ამ გზით ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის საჰაერო მიმოსვლის 110 წლის იუბილე აღნიშნა. 40 წლის გამომგონებელმა 35.4 კილომეტრიანი მანძილი 22 წუთში დაფარა. მისი თქმით, ფრენის მაქსიმალურმა სიჩქარემ 170 კმ/სთ-ს მიაღწია.

“ძალიან ბედნიერი ვარ მიღწეული შედეგით, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია. ჰოვერბორდით ფრენა არ არის მარტივი - ამ დროს გრძნობ ტკივილს, კუნთები გეწვის, სხეული ქარს წინააღმდეგობას უწევს… მოწყობილობა სამი წლის წინ შევქმენით, ახლა კი ლა-მანშის სრუტეს გადავუფრინეთ - ეს სრული სიგიჟეა.” - ფრენკი საპატა

ფრენკი საპატამ 35.4 კილომეტრიანი მანძილი 22 წუთში, დაფარა

ფრენკი საპატას თანახმად, ამ პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა ფრენის დროს საწვავის შევსება იყო - Flyboard Air-ს ერთ ჯერზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეუძლია ფრენა, შესაბამისად გამომგონებელს დანიშნულების ადგილამდე ერთხელ გაჩერება, ნავზე დაშვება და საწვავის შევსება დასჭირდა. ლა-მანშის სრუტეზე ჰოვერბორდით გადაფრენის პირველი მცდელობა 25 ივლისს წარუმატებლად სწორედ საწვავთან დაკავშირებული პრობლემის გამო დასრულდა - ფრენკი საპატა საწვავის შესავსებად ნავზე ვერ დაეშვა და წყალში ჩავარდა. 

მფრინავი ჰოვერბორდი, რომლითაც საფრანგეთიდან ინგლისში გადაფრენა გახდა შესაძლებელი, ხუთ ტურბო ძრავს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მოწყობილობა სამი ნაწილისგან - დასადგომი დაფისგან, დისტანციური კონტროლერისგან და საწვავის ავზისგან შედგება, რომელიც ფრენკი საპატას ზურგზე ჰქონდა დამაგრებული. 

ფრენკი საპატა 2016 წელს ჰოვერბორდით ფრენაში მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა - მან საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროს 2252 მეტრის მანძილზე გადაუფრინა.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები