Thumbnail

იაპონიაში მფრინავი მანქანა გამოსცადეს

  • მანქანამ ერთი წუთის განმავლობაში 3 მეტრის სიმაღლეზე იფრინა
  • იაპონიის მთავრობას საჰაერო მანქანების ბაზრის ლიდერად ჩამოყალიბება სურს

იაპონურმა კომპანია NEC Corp.-მა შექმნა მფრინავი მანქანა, რომელიც დღეს ტოკიოში წარმატებით გამოსცადეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. მფრინავი მანქანა ფაქტობრივად დიდი ზომის ოთხ პროპელერიანი დრონია, რომელსაც ადამიანების გადაადგილება შეუძლია. სადემონსტრაციო ფრენის დროს მანქანა მგზავრების გარეშე დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლეზე აფრინდა, ერთი წუთის განმავლობაში იფრინა და კვლავ მიწაზე დაეშვა.

ინჟინერებმა მანქანის მოდელის შექმნაზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავეს. მფრინავი მანქანა 3.9 მეტრი სიგრძის, 3.7 მეტრი სიგანის და 1.3 მეტრი სიმაღლისაა და 150 კილოგრამს იწონის. არასწორი მიმართულებით გაფრენის და ადამიანების დაზიანების რისკის გამო მანქანის საცდელი ფრენა შემოსაზღვრულ სივრცეში შედგა.


იაპონიის მთავრობის მიზანი საჰაერო მანქანების ბაზარზე ლიდერის პოზიციის დაკავებაა. იაპონიაში 2023 წლისთვის საჰაერო მანქანების გამოყენებით სატრანსპორტო სერვისის ჩამოყალიბება იგეგმება, 2030 წელს კი, მთავრობის გეგმის თანახმად, ტრანსპორტით გადაადგილებას იაპონიის მოსახლეობაც შეძლებს.

"იაპონია მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. მფრინავი მანქანები საცობების პრობლების მოგვარებაში დაგვეხმარება.” - კოუდი ოკადა, პროექტის ხელმძღვანელი

NEC Corp.-ის წარმომადგენლის თანახმად, ამ ეტაპზე მფრინავი მანქანის მასობრივი წარმოება არ იგეგმება.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები