Thumbnail

Hyundai-ს ავტომობილი მზის ენერგიას გამოიყენებს

  • მზის პანელები Sonata Hybrid-ის სახურავზე დაამონტაჟეს 
  • ავტომობილის ყიდვა უკვე შესაძლებელია სამხრეთ კორეაში 

კომპანია Hyundai-მ პირველად გამოუშვა ისეთი ავტომობილი, რომელზეც ახალი თაობის მზის პანელებია დამონტაჟებული. ნახევრად გამჭირვალე პანელები სედან Sonata Hybrid-ზე დაამონტაჟეს. მზიანი დღის დროს ისინი ავტომობილის აკუმულატორს 60 პროცენტით დამუხტავენ. კორეულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ სისტემის საშუალებით ავტომობილი იმ რაოდენობის ბენზინის ეკონომიას ახდენს, რომლითაც წელიწადში 1300 კილომეტრს გაივლიდა.

ეს პირველი მცდელობაა დავნერგოთ ახალი ტექნოლოგია ჰიბრიდულ ავტომობილზე. ჩვენი სურვილია ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ. ეკოლოგიურად სუფთა და ამავე დროს ეკონომიური ტრანსპორტი ჩვენი კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებაა- ჰუეი ვონ იანგი - Hyundai-ს წარმომადგენელი.  

მზის პანელებიანი Sonata Hybrid-ის შეძენა უკვე შესაძლებელია სამხრეთ კორეაში. ახალი მოდელი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე წლის ბოლომდე გამოჩნდება. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყებს კორეული კომპანია ამ ავტომობილის გაყიდვას ევროპაში. 

აღსანიშნავია, რომ მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის პროექტით იაპონური ავტოგიგანტი Toyota-ც არის დაინტერესებული. მზის ენერგიაზე მომუშავე Prius საცდელ რეჟიმში იაპონიის რამდენიმე ქალაქში მოძრაობს. ჯერჯერობით იაპონური კომპანია ამ ავტომობილის სერიულად წარმოებას არ აპირებს. თუ ინოვაციამ გაამართლა, მსგავს ტექნოლოგიას კომპანიის სხვა მოდელებზეც დაამონტაჟებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები