Thumbnail

Samsung-მა Galaxy Note 10 და Note 10 Plus ოფიციალურად წარადგინა

  • Samsung Galaxy Note-ის ორი ახალი მოდელი 23 აგვისტოდან გაიყიდება
  • სმარტფონების ფასი 949 დოლარიდან იწყება

Samsung-მა ორი ახალი სმარტფონი - Galaxy Note 10 და Galaxy Note 10 Plus ოფიციალურად წარადგინა. სმარტოფნებს ერთმანეთისგან გარკვეულ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად მათი ზომაც განასხვავებს - The Verge-ის თანახმად, Note 10 Plus ზომით და შესაძლებლობებით ტრადიციული Note სერიის სმარტფონია, თუმცა განსხვავებულია Note 10, რომელიც მძლავრ ფუნქციებს შედარებით მცირე ზომის კორპუსში აერთიანებს. ორივე სმარტფონი Snapdragon 855 პროცესორით არის აღჭურვიული.

Galaxy Note 10-ის ფასი 949 დოლარიდან იწყება და მას მხოლოთ ერთი სახის კონფიგურაცია აქვს - 8GB ოპერატიული და 356GB შიდა მეხსიერება. Note 10 Plus-ის საწყისი ფასი 1,099 დოლარია. სმარტფონს 12GB ოპერატიული მეხსიერება და 256GB შიდა მეხსიერება აქვს, დამატებით 100$-ად კი 512GB შიდა მეხსიერების მქონე ვერსიასაც შეიძენთ. აღსანიშნავია, რომ MicroSD ჩიპის მხარდაჭერა მხოლოდ Plus მოდელს აქვს, რომლის მეხსიერების გაზრდა 1TB-მდეა შესაძლებელი.

Note 10-ის და Note 10 Plus-ის თითის ანაბეჭდის სენსორები სმარტფონების ეკრანშია ინტეგრირებული. სმარტფონის უკანა პანელის ზედა მარცხენა კუთხეში ვერტიკალურად სამი კამერაა განლაგებული - 16MP-იანი ფართო ხედის კამერა, 12MP-იანი სტანდარტული კამერა და 12MP-იანი ტელეფოტოგრაფიული კამერა. ორივე სმარტფონის წინა კამერა 10 მეგაპიქსელიანია.

Samsung-მა ძირითადი აქცენტი სმარტფონების ვიდეო გადაღების შესაძლებლობებზე გააკეთა - კამერას Live Focus რეჟიმი დაემატა, რომელიც ფონს ბუნდოვანს ხდის, ობიექტს კი უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს, რაც პროფესიონალური გადაღების ეფექტს ქმნის. გარდა ამისა, ახალი Zoom Microphone ფუნქციით ვიდეოს ჩაწერის დროს სმარტფონის სამი მიკროფონი აუდიოს იზოლაციას ახდენს და ხმას მხოლოდ იმ მიმართულებიდან იწერს, საითაც კამერაა მიმართული. გარდა ამისა, განახლდა Samsung-ის გალერეაში ინტეგრირებული ვიდეოს დასარედაქტირებელი აპლიკაციაც.

Galaxy Note-ის სერიის ახალი სმარტფონები მეტალისა და შუშის კომბინაციისგან არის შექმნილი. სმარტფონები ოთხ ფერშია ხელმისაწვდომი. Samsung-მა განსაკუთრებული აქცენტი დიზაინისა და აწყობის ხარისხის გაუმჯობესებაზე გააკეთა, რაც კომპანიას იმავე და უკეთესი მახასიათებლების სხვა Android სმარტფონებთან კონკურენციას გაუმარტივებს.

სმარტფონის დიზაინის გარდა გაუმჯობესდა მისი სტილუსიც - S Pen როგორც დიზაინის კუთხით, ასევე ფუქციურად განახლდა. ფანქარს გიროსკოპი და აქსელერატორი დაემატა, რაც გულისხმობს, მისი გამოყენება ჯადოსნური ჯოხის მსგავსად, ხელის მოძრაობით, დისტანციურადაც გახდა შესაძლებელი.

Note 10 Plus-ს 4,300 მილიამპერიანი ელემენტი აქვს, მცირე ზომის მოდელი, Note 10 კი 3,500 ამპერიანი ელემენტით არის აღჭურვილი, რაც წინამორბედ მოდელებთან შესარებით მცირედი გაუმჯობესებაა.

სმარტფონების წინასწარი შეკვეთა სამსუნგის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია, ოფიციალურად გაყიდვები კი 23 აგვისტოს დაიწყება.

წყარო: The Verge

კომენტარები

ბოლო ამბები