Thumbnail

Huawei-მ ოპერაციული სისტემა HarmonyOS ოფიციალურად წარადგინა

  • ოპერაციული სისტემა იმუშავებს როგორც სმარტფონებზე, ასევე სხვა სმარტ მოწყობილობებზე
  • HarmonyOS სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოვა

Huawei-მ საკუთარი ოპერაცული სისტემა HarmonyOS ოფიციალურად წარადგინა, რომლის გამოშვება ჯერ კიდევ იმ დროს დაანონსდა, როცა Huawei-ს Android-ის ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა შეეზღუდა. ოპერაციული სისტემა თავსებადი იქნება როგორც სმარტფონებთან, ასევე ნებისმიერ სხვა სმარტ მოწყობილობებთან. HarmonyOS ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ღია პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, რომლის გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

Android-მა Huawei-ს სერვისი ამერიკის მთავრობის დავალებით შეუზღუდა. დავა Huawei-სა და აშშ-ის მთავრობას შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ Huawei Android-ზე დაფუძნებულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს შპიონაჟისთვის და კომუნიკაციების მუშაობის განზრახ შეფერხების გამოიყენებდა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა Huawei ტექნოლოგიების მოპარვაშიც დაადანაშაულა. Android-ის შემდეგ კომპანიას სერვისების მიწოდება სხვა არაერთმა კომპანიამ შეუზღუდა. 

ახალი ოპერაციული სისტემა სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოვა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანახმად, HarmonyOS Android და iOS სისტემებისგან სრულიად განსხვავებული იქნება. კომპანიას ამ დრომდე არ დაუანონსებია პირველი მოწყობილობა, რომელიც ახალი ოპერაციული სისტემის ბაზაზე იმუშავებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ Huawei უახლოეს მომავალში Mate 20 Pro-ს განახლებულ ვერსიას წარადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები