Thumbnail

სტუდენტები ვირტუალური რეალობის საკლასო ოთახში ჩინურს შეისწავლიან

  • ვირტუალური რეალობით ქუჩებში ადამიანებთან ჩინურ ენაზე ინტერაქცია რეალურ დროშია შესაძლებელი
  • ახალი მეთოდით სწავლება უკვე მიმდინარეობს

ენის შესასწავლად საუკეთესო გზა ამავე ენაზე მოსაუბრე ხალხის გარემოცვაში ყოფნა, მათთან მუდმივი კომუნიკაცია და ყოველდღიურად ამ ენაზე ინფორმაციის მიღებაა. მიუხედავად ამისა, ენის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით საზღვარგარეთ ხანგრძლივი დროის გატარების შესაძლებლობა ყველა მსურველს არ ეძლევა.

ნიუ იორკში მდებარე რენსელერის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს ჩინური ენის შესწავლის ინოვაციურ მეთოდს სთავაზობს - უნივერსიტეტის მკვლევარებმა IBM Research-თან თანამშრომლობით 360 გრადუსიანი ვირტუალური რეალობის საკლასო ოთახი შექმნეს, რომელიც სტუდენტებს ჩინეთში ვირტუალური მოგზაურობისა და სასაუბრო ენის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.

ტექნოლოგიის გამოყენებით სტუდენტებს პეკინის ქუჩებში სიარული და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა, მათ შორის რესტორანში ამა თუ იმ კერძის შეკვეთა, მაღაზიაში სასურველი ნივთის ყიდვა და ადამიანებთან სხვადასხვა საკითხებზე საუბარი შეუძლიათ. საკლასო ოთახში ჩინური ენის ლექციები სტუდენტების პირველ ნაკადს უკვე უტარდება.

ციფრული პროექციების გარდა, ვირტუალურ ადამიანებთან კომუნიკაციის გასამარტივებლად საკლასო ოთახი მიკროფონებით და სპეციალური სენსორებითაა აღჭურვილი, რომელიც სტუდენტების მოძრაობას აფიქსირებს. მაგალითად, თუკი სტუდენტი რესტორანში კონკრეტულ კერძზე ხელით მიანიშნებს და მისი ინგრედიენტების შესახებ იკითხავს, რესტორნის ვირტუალური თანამშრომელი მას ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს. 

მკვლევარების თანახმად, პროექტი ამ დროისთვის ექსპერიმენტულ ეტაპზეა, სამომავლოდ კი მისი ფუნქციების განვითარება და პროგრამაში სხვადასხვა ენების დამატება იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები