Thumbnail

Huawei-მ გადასაკეცი სმარტფონის გამოშვება კიდევ ერთხელ გადადო

  • Mate X მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა
  • სმარტფონის პრეზენტაციის გადადების მიზეზი უცნობია

Huawei-მ გადასაკეცი სმარტფონის, Mate X-ის გამოშვება კიდევ ერთხელ გადადო. Huawei-ს თანახმად, სმარტფონის პრეზენტაცია დაგეგმილ დროს, სექტემბერში ვერ შედგება, რადგან ამ დროისთვის Mate X ბაზარზე გამოსასვლელად მზად არ იქნება, თუმცა კომპანია ირწმუნება, რომ სმარტფონს ოფიციალურად მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს.

თავდაპირველად, Mate X-ის წარდგენა მიმდინარე წლის ივნისში იგეგმებოდა, თუმცა სმარტფონის პრეზენტაცია სექტემბრამდე გადაიდო. ამის მიზეზეზად Huawei-მ ეკრანთან დაკავშირებული ხარვეზების თავიდან აცილება დაასახელა - Huawei-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანიამ ეკრანთან მიმართებაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინა იმის გათვალისწინებით, რომ Samsung-ის Galaxy Fold-ის სადემონსტრაციო ვერსიამ პრობლემური ეკრანის გამო ჟურნალისტებისგან და ბლოგერებისგან უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა.

Huawei სმარტფონის ოფიციალური წარდგენის კიდევ ერთხელ გადადების მიზეზს არ ასახელებს. ტექნიკური ხარვეზების გარდა, კომპანიის გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა Huawei-ს აშშ-ის მთავრობასთან დაპირისპირებაც იყოს - ტრამპის ბრძანების საფუძველზე Huawei-ს სერვისის მიწოდება ათეულობით კომპანიამ შეუწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები